Apr 5, 2010

სასაფლაოები

ახლა მოვედი სასაფლაოდან. პირველი აღდგომაა თენგოს გარეშე... ხოდა ყველანი შევიკრიბეთ... მიუხედავად მუხათგვერდის საშინელი ქარისა, აქედან თუ იქედან საშინელი საცობებისა, მაინც კმაყოფილი მოვედი სახლში - მთელი ოჯახი შევიკრიბეთ.
საერთოდ ძალიან მიყვარს სასაფლაოები. პირველად ვიყავი მუხათგვერდში წელს, მადლობა ღმერთს, რომ აქამდე მაინც არ მიწევდა ისეთი ახლობლის საფლავის მონახულება, როგორიც ძმაა... ზოგადად ვამბობ - სასიამოვნო ადგილია ჩემთვის.
უფრო მეტად სოფლის სასაფლაოები მიყვარს. რაღაცნაირად იდუმალი და თბილია თითქოს იქაურობა, თითქოს შენი ახლობლების თბილი თვალები შემოგყურებენ და გეფერებიან მალულად... მისაქციელში აღდგომა მიყვარს, როცა ყველანი ერთად გავდივართ სასაფლაოზე, ყველას ვნახულობ, ყველა ახლობელია და თბილად გეგებება... მიდიხარ ახლობლების საფლავებთან და ტკივილიანი გულით ულოცავ აღდგომის მობრძანებას... მისაქციელის სასაფლაოზე ხალხმრავლობაა, ბავშვების ჟივილ-ხივილია, დიდი სუფრებია გაშლილი და ძირითადად სააღდგომო მხიარულებაა... მიყვარს მე აღდგომა მისაქციელში.
ნატანების სასაფლაო საერთოდ განსხვავებულია. ნატანებში მე აღდგომას არც ვყოფილვარ. ის სასაფლაო ჩემთვის იდუმალი და ჩუმია. როვა მე იქ ვარ, არასდროს არაა ხალხმრავლობა და ხმაური, პირიქით - სრული სიჩუმე და იდუმალებაა, მაგრამ ცხადად ვგრძნობ ჩუმ და უტკბილეს ნათქვამს - მოხვედი ბებია? რისი უნდა შემეშინდეს იქ... ჩემი ბებია ხო იქაა და მომეფერება, კალთაში ჩამისვამს და ყველაფერს გამომკითხავს... ბაბუაც იქაა, რომელიც წლინახევრის ვიყავი რომ გარდაიცვალა, მაგრამ ბებო... ჩემი კატუშა ბებო...
როცა ნატანებში ჩავდივარ სულ სასაფლაოსკენ მიწევს გული, სულ შეგრძნება მაქვს რომ მელოდებიან როდის მივალ და მათ კუთვნილ მიწას მოვეფერები, ქვას გადავწმენდ და სარეველებს მოვაცლი იქაურობას.
რაც თავი მახსოვს, სასაფლაოზე მისულს  სულ მაინტერესებდა უცხო საფლავები, წარწერები და ფოტოები, დაბადების და გარდაცვალების თარიღები... ბოლოს გავიფართოვე თვალსაწიერი და ზოგი საფლავი დავათვალიერე :) თუმცა მთლიანი სასაფლაო არ მომივლია არც ნატანებში და არც მისაქციელში
მოკლედ მე მიყვარს სასაფლაოები, მაგრამ ალბათ მხოლოდ ისინი, სადაც ახლობლები
მეგულება, სადაც მელოდებიან

0 коммент.: