Apr 28, 2010

დვნობა 2010

24-ში დვანში წავედით მე, გვანცა და მარო. როცა მარომ მითხრა შაბათს დვანში მოდიხარო, არც კი დავფიქრებულვარ ისე მივეცი თანხმობა. საშინლად მჭირდებოდა გარემოს შეცვლა და ეს ერთერთი მშვენიერი ადგილი იყო სადაც სიამოვნებით წავიდოდი
დვანში კოხიჯვრობა იყო, კოხიჯვრის წმინდა გიორგის დღესასწაული, იგივე კვართობა. სოფელში სტუმრიანობა და შესაბამისად უამრავი მთვრალი ადამიანი იყო :)
შაბათს წვიმდა საშინლად, ციოდა. ეკლესიის მონახულება არც გვიფიქრია, არც გაგვიშვებდა არავინ. ეკლესია სადღაც შუაშია მოქცეული - ოკუპირებულ და კონტროლირებად ტერიტორიებს შორის...
საერთოდ არ მიყვარს უცხო გარემოში მოხვედრა, უხერხულად ვგრძნობ თავს და სიამოვნებას ვერასდროს ვიღებ. ამ ბოლო ხანებში ჩემმა უღიმღამო (უზუსტესი შეფასებაა) მდგომარეობამ უფრო მკვეთრად გამოხატა უცხო გარემოში მოხვედრის სურვილის არარსებობა. დვანში თავს ვგრძნობ როგორც საკუთარ სოფელში, როგორც სახლში. სხვა შემთხვევაში ვერანაირი ძალა ვერ მაიძულებდა სახლიდან ფეხის გადგმას :)
კვირას მზის სითბომ გვისალბუნა. შეგვავსო საოცრად და იარებიც მოგვიშუშა. ეკლესიისკენ დავადექით გზას... არა, ექსტრიმი არ იყო ჩვენი თანამდევი, უბრალოდ მწყემსად წასული სკოლის დირექტორისათვის საგზალი უნდა აგვეტანა :)


ქვემოთ, სახლთან ბლოკპოსტია. იქ მთავრდება ჩვენს მიერ კონტროლირებადი ტერიტორია. მზემ სიცოცხლე მოგვანიჭა, საზღვრების შეგრძნება წაშალა...
ვერ ვგრძნობდი სად იყო საზღვარი. არა იმიტომ რომ ეს მიწა საქართველოსია და უკანონოდაა მითვისებული, უბრალოდ არ მქონდა საღზვრის შეგრძნება არანაირი და მშვენიერი იყო ეს, საოცარი შეგრძნება. მიუხედავად ყველაფრისა საოცარ სილაღეს და თავისუფლებას ვგრძნობდი, მიახაროდა ცოცხალი რომ ვიყავი, მიხაროდა მზე, მიხაროდა სიმწვანე და სველი მიწა
ამ გორის უკან სულ ოსური სოფლებია, ამ გორის უკან უზარმაზარი სამხედრო ბაზა შენდება... მე არ ვიცი რა იქნება ხვალ, ზეგ, ეს არც ერთმა დვანელმა არ იცის და  ყველას ჩუმი შიში აქვს მომავლისა, რომელიც არ ვიცით რას გვიმზადებს. მე უბრალოდ ერთი რამ ვიცი, რამე რომ მოხდეს მეც ისევე მეტკინება სული და ხორცი, როგორც თითოეულ მკვიდრს. მესამედ ვიყავი ამ სოფელში და მეგონა სახლში დავბრუნდი. რამე რომ მოხდეს მე მატერიალურს არ დავკარგადვ არაფერს, მაგრამ ჩემი სიხარულისა და გულის ნაწილი აუცილებლად მიკვდება... თუმცა მხოლოდ კარგის იმედი მაქვს. ორი წლის წინ დვანიდან გამოქცეულებს სრულიად დარწმუნებულმა ვუთხარი - თქვენ დაბრუნდებით! და ისინი დაბრუნდნენ. ხოდა ახლა ვამბობ რომისინი მშვიდობიანად იცხოვრებენ დვანში! და იცხოვრებენ!!!
როგორ შემიძლია  გვერდი ავუარო მასპინძლებს, საოცარ ხალხს, მაროსა გვანცას დედულეთს... როგორ არ ავნიშნო თამარა ბაბო, უსაყვარლესი და უტკბილესი მოხუცი, საოცრად პროგრესულად მოაზროვნე, რომელიც თვლის რომ არაა საჭირო განვლილ საუკუნეში მიღებული ნორმები ოცდამეერთე საუკუნეშიც უნდა დაიცვან მისმა შვილიშვილებმა. მიყვარს ასეთი მოხუცები, გონების სიჯანსაღეს რომ არ კარგავენ ასაკის მატებასთან ერთად. ისე მიხაროდა რომ ვუყურებდი, მივხვდი როგორ მაკლია ბებიის სითბო. თითქოს არ გახსენდება, წასულია უკვე, მაგრამ გახსენება სითბოსა და ტკივილს გიღვრის გულში.
როგორ არ ავღნიშნო პოეტური სულის მქონე მათემატიკოსი სკოლის დირექტორი :) ჩემი მეგობარი, რომელიც დიდი ძალაა სოფლისთვის. როგორ აქვს საკუთარ კაბინეტში ჩაკეტილი საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დარიგებული სარეცხის ფხვნილის მთელი არმია და სხვა საშუალებები და არავის აძლევს უფლებას ერთი ცალიც კი აიღოს, მის მეუღლესაც კი :) როცა ვკითხე სარეცხი ფხვნილი რაში უნდა გამოიყენოთ სკოლაში-თქო ჯერ არ  ვიციო, მიპასუხა :))))))))))
როგორ არ ავღნიშნო მისი მეუღლე, ძალიან სიმპატიური ქალბატონი, რომელიც იგივე სკოლაში მშობლიური ენისა და ლიტერატურის მასწავლებელია. სახლში კი საოცრად თბილ სიტუაციას ქმნის მისი დიასახლისობა.
როგორ არ ავღნიშნო ტარიელი და თამარი :) ქალბატონი ტამო ერთი კუდრაჭა ჭინკაა, თვალებში ჭინკები დაუხტის და სულ რაღაც აინტერესებს, მამიდაშვილების მესაიდუმლეა და საერთოდ უკუდრაჭესი რამეა. ტარიელი კი დღითიდღე იზრდება და სულ იცვლება. პაწაწუნა ბიჭი იყო პირველად რომ ვნახე, ახლა კი თანდათან საინტერესო პიროვნებად ყალიბდება. მამის მეგობრებს უხარიათ, მოგვესწროო. მე კი ვფიქრობ სტუდენტობა მის დიდ პოტენციალს სულ სხვა მხარეს წარმართავს. დარწმუნებული ვარ ერთ ხუთ წელში იამაყებენ არა იმით, სუფრაზე გვერდი დაგვიმშვენაო, არამედ იმით, რომ საინტერესო, განათლებული და პროგრესული ახალგაზრდა იქნება.
ჰოდა მე  მიყვარს მდინარე ფრონეს ხეობა, ვაშლის ბაღები, შიოს ბიჭის სახლი მიყვარს, თენგოს ღვინო :)))))))))), მაროს ეზოს გაუყვავებელი იასამნები მიყვარს... დვანი მიყვარს და მინდა მუდამ მეგულებოდეს თუნდაც ასეთ მდგომარეობაში, თუნდაც ჯარისკაცებით ბლოგპოსტებზე, მაგრამ მეგულებოდეს და ვიცოდე, რომ მე ჩავალ დვანში

Apr 22, 2010

საკუთარი თავის ძიებაში დაწერილი პოსტი

ახლა ვიქექებოდი ჩემს უჯრაში და ეს ვიპოვე. დრო გადის და არაფერი იცვლება თითქმის

პრინციპში არ ვიცი რამდენად კარგია როცა არ იცნობ, ჯერ კიდევ არ იცნობ საკუთარ თავს... ნუ თუ ეძიებ, მაშინ შეიძლება ამაში კარგი მხარე დაინახო, თორემ თუ გაჩერდი...  როცა იცნობ შენს პიროვნებას, მაშინ დრო უკვე მეტი გრჩება იმისთვის, რომ სათანადოდ გამოიყენო, საჭიროების მიხედვით... გამიგია, ადამიანთა ნაწილს აქვს შეგრძნება, რომ ცოტა დრო აქვთ და სულ რაღაცის მოსწრებაზე არიან; მეც სულ მაქვს შეგრძნება, რომ მაგვიანდება, მაგვიანდება, მაგვიანდება... მაგრამ არაფერს ვაკეთებ ამის შესაცვლელად.
ცოტა იფიქრეო, ამდენს რომ ფიქრობ იმიტომ ხარ ასეთი დათრგუნულიო, იმიტომ იტანჯებიო... სასაცილოა...
მუდმივი შეგრძნება - არავინ მიცნობს... თუ ესეც ის მომენტია, რომ "კარგი ტიპი" ხარ თუ არავინ გიცნობს? რაღაც გამოუცნობი და საინტერესო? იქნებ ყველასთვის გაშიფრული ხარ და ქმნი ილუზიას, რომ მიუწვდომელი ხარ? ილუზია...
მუდმივი უკმაყოფილების შეგრძნება... რატომ? რატომ მაქვს ასეთი დიდი მოთხოვნილებები? ვიმსახურებ კი მეტს? იქნებ არა, ან იქნებ კი? თუ ეს კვლავ ილუზიაა?სხვათაშორის, სხვებზე ვამბობ, ბედი დაყვებათქო. საკუთარ თავზე მეშინია? არ მინდა გაგრძელდეს? არ მინდა გვერდით ადამიანი, თუ ოდესმე ვიფიქრებ, რომ მე მეტი მეკუთვნოდა!!! არ მინდა მქონდეს ეს შეგრძნება და მინდა ვიყო შევსებული... აი სისავსე მაკლია... თუმცა იმდენად პრიმიტიულად ვფიქრობ, რომ ყველაფერი ერთ აზრამდე დადის... ამ ბოლოს, ვატყობ, ყველა ფიქრი და საუბარი ერთ წერტილამდე მიდის და იქ ჩერდება... რატომ?
ვიცი რომ არ ვარ ძლიერი, მაგრამ ხომ შეიძლება ვაიძულო თავი... ძალიან რომ ვარ არეული ამას მხოლოდ ხანდახან ხვდებიან... დაბალანსება მჭირდება... ვინ გამიგებს ასეთ არეულს? რატომ მაღიზიანებენ ადამიანები? რატომ ხდებიან უინტერესონი? რატომ მემართება დეპრესია ყოველი ქეიფის მეორე დღეს? რატომ არ მაქვს პროტესტი იმ დღეს? რატომ ვარ გაორებული? ერთ დღეს - სანიმუშოდ გამგები გოგო, მეორე დღეს - დეპრესიული ტიპი?
დავიღალე საშინლად. არ მინდა არ ვიფიქრო. რატომ არ უნდა ვიფიქრო? ფიქრის გარეშე უფრო დამტანჯავს პრიმიტიულობის სინდრომი... რამე უნდა შეიცვალოს... სადმე მინდა... მარტო მინდა... სხვაგან... სხვა გარემო მჭირდება, ინტელექტუალურად დატვირთული. დარწმუნებული ვარ ბევრ კითხვას გავცემდი პასუხს... მირჩევნია გამიჭირდეს

პ.ს. ეს წერილი რამდენიმე თვის წინ მაქვს დაწერილი. ისევ მინდა სხვაგან

Apr 17, 2010

ივერია თუ მუზა? :)

ჩემთვის დაუმუშავებელი ალმასია..აი საშინლად ძვირფასი რომაა და დაუმუშავებელი, დაუწახნაგებელი, უსიმეტრიო... მთელი ხიბლი მის ასეთ დაუმუშავებლობასა და უსიმეტრიობაშია :)

 ერთხელაც მახსოვს, ფორუმზე შევედი პირველად... ნუ ეს იყო ოდესღაც :D აღარც მახსოვს როდის... დაახლოებით ოთხი წლის წინ... განყოფილება იყო "ერთიანი საქართველო" თუ რაღაც ეგეთი ერქვა, ზუსტად არ მახსოვს, სადაც საინტერესო თემები დავლანდე. ერთი თემა იყო -  "იავნანა"... ნუ იქ დავპოსტე... ძველი პოსტები წავიკითხე და ხმამაღლა გამოვხატე აღფრთოვანება. პირადში მომწერა ერთმა იქაურმა... სასაცილო ის იყო,  რომ პირადი წერილების ნახვაც არ ვიცოდი, იმდენად არ მქონია ფორუმებთან შეხება, მაგრამ ხომ არ შევიმჩნევდი :D ნუ რაღაც მივწერე, მერე მომწერა, მერე კიდევ და ასე შევყევით, სასაცილო რაღაცეებს მეკითხებოდა ხოლმე, ჩემზე პატარა იყო ასაკით, მაგრამ დიდივით ლაპარაკობდა და მეც დავიჯერე მისი დიდობა :) ასე გავიცანით ერთმანეთი. რაღაც პერიოდი ვურთიერთობდით, მერე რამდენიმე თვე დავიკარგე, საერთოდ ვეღარ გამოვჩნდი იმ "სამყაროში" და რამდენიმე თვის მერე ისევ შევედი... ხალხი დამხვდა შეცვლილი, მაგრამ ნაცნობი ნიკი ისევ აქტიურად პოსტავდა... მორიდებით მივწერე - ალბათ არ გახსოვარ, მე დავბრუნდი... რეაქცია საკვირველი - ვააა, რა მაგარია, სად იყავი და ეგეთები.. გამიხარდა - ვახსოვარ ადამიანს. მიწერ-მოწერა განახლდა მეტი ენთუზიაზმით, მერე სურათები გავცვალეთ, მახსოვს მოვკვდი ნერვიულობით, ოღონდ რა მანერვიულებდა არ ვიცი :D არ შეგეშინდესთქო - მივწერე. სურათი მოვიდა და ეწერა - არ შეგეშინდეს :D დავხედე ფოტოს და იქიდან მიყურებდა სრულიად განსხვავებული სახე, არასდროს არავისში რომ არ შეგეშლება. რაღაცნაირი - ღიმილით დავახასიათე ჩემს თავში :) მერე შეხვედრა დავთქვით :) ცხოვრებაში არავის შევხვედროდი ასე გაცნობილს, ჩემთვის ეს ცოტა მიუღებელი იყო, რაღაც პრინციპი მქონდა, რომ არ უნდა შევხვედროდი ვირტუალურად გაცნობილ პიროვნებას, მაგრამ ზუსტად მივხვდი - ყოველთვის ვინანებდი რომ არ მენახა! 
შეხვედრა სიონის ეზოში იყო დაგეგმილი. მე 45 წუთი დავიგვიანე :) ნუ არ მინდოდა, მაგრამ ასე მოხდა :) კიბეებიდან რომ გადავიხედე, სადაც ყველაზე მეტი ნაგავი იყო იქ იჯდა ერთი ბიჭი, გავიღიმე, მივხვდი ეგ იყო, თვითონ ვერ მიცნო, სურათში სხვანაირი ხარო. შევხედე - მაღალი, გამხდარი, წვერიანი, ქართული ცხვირით, გაბურძგნული თმებით, დანგრეული ჯინსით, დაფხრეწილი კეტებით, რაღაც ამოქექილი პლაშოვკა კურტკით და მამამისის ძველი, კუბოკრული პერანგით :D:D:D ნუ ხო ძaliან სანახავი იქნებოდა? :D სასტიკად არ მომეწონა :D ამის საპირისპიროდ მე საკმაოდ მოწესრიგებულად და აკურატულად მეცვა და ღმერთს მადლობას ვეუბნებოდი, რომ ჯინსი მაინც ჩავიცვი და არა კლასიკური  კაბა :D
 ასე დაიწყო ჩვენი ნაცნობ-მეგობრობა, რომელიც ფორუმზეც გრძელდებოდა. თანდათან ვხვდებოდი, რომ საერთო ინტერესები გაგვიჩნდა... არა, განა საერთო ინტერესები, ეს მე გავიზიარე მისი ინტერესები - კარგი თუ ცუდი, აზრიანი თუ უაზრო :D ჩემმა რადიკალიზმმა ფრთა გაშალა :) ვსაუბრობდით, ვკამათობდით, რაც ძირითადად მისი გამარჯვებით მთავრდებოდა და ასე მიდიოდა ცხოვრება სანამ...
სანამ უცებ, ერთერთი მორიგი შეხვედრის შემდეგ არ აღმოვაჩინე, რომ... რა სიმპათიურია მოკლედ შეჭრილ თმებში... და რა საინტერესოა, რა რადიკალურია, რა პირდაპირია, რა სამშობლოს მოყვარულია ( და არანაირად ურაპატრიოტი), რა... რა... რა...   მივხვდი რომ მომეწონა
რაღაც პერიოდი თავს ვარწმუნებდი საპირისპიროში, მაგრამ უშედეგოდ... არ მითქვამს მისთვის, თუმცა არც დამიმალავს... მე მგონია რომ ის ხვდებოდა და მინდოდა კიდეც რომ მიმხვდარიყო, მე არ ვმალავდი, არ მრცხვენოდა, მე პირდაპირაც ვიტყოდი, დარწმუნებული რომ ვყოფილიყავი - გრძნობა მქონდა, მაგრამ მე მხოლოდ მომწონდა და ზედმეტი გულგახსნილობა საერთოდ მიუღებელი იქნებოდა.  რომ არ გამჩენოდა სიმპათია, გასაკვირიც იქნებოდა, იმდენად განსხვავებული, იმდენად რაღაცნაირად ჩემს პიროვნებასთან ახლოს იყო.... თუმცა ერთმა ჩემმა მეგობარმა მითხრა - ის ძალიან გავს შენსას, მაგრამ შენი არ არისო - ეს იყო სიმართლე. 
თანდათან მოხდა ჩვენი ურთიერთობის გაციება, ისე ხშირად არ ვურთიერთობდით პირადად, მე უკვე ყველაფერში აღარ ვეთანხმებოდი, მოგვდიოდა კამათი, სადაც მე ვრჩებოდი ნაწყენი, მას კი ეცინებოდა - რა გწყინსო, ქალი ხარ რააო...ამაზე უფრო ვიბუსხებოდი და ჩემს თავს ვმუხტავდი საშინლად უარყოფითად... მას არ ქონდა სიმპათია ჩემს მიმართ, ჩვენი ურთიერთობა თავიდანვე მეგობრულად დაიწყო და ასეც უნდა გაგრძელებულიყო... ეს მე ავურიე რაღაცეები და ისიც დაიძაბა და ჩამომშორდა, თუმცა ისევ ვურთიერთობდით, მხოლოდ საზოგადოდ... მისსავე საქებად უნდა ითქვას, რომ ცუდი და მიუღებელი არაფერი გაუკეთებია, თუმცა საშინლად მტკენდა ხოლმე გულს თავისი სიხისტით ალბათ დღეში 2-3-ჯერ, თუმცა თვლიდა, რომ არაფერს საწყენს არ ამბობდა...ეგეთია :)
გავიდა რაღაც პერიოდი და მე ყველაფერმა გადამიარა :) საკმაოდ მალე, მივხვდი რომ მიყვარდა მართლა გულით, მაგრამ როგორც ძალიან კარგი მეგობარი... და როგორც შემდეგ ჩემმა უჭკვიანესმა მეგობარმა მითხრა - შენ ყოველთვის მეგობარივით გიყვარდა, უბრალოდ დაიბენი ერთი პერიოდიო :) და ჩემი ეს მეგობარი არასოდეს ცდება :)

დადგა შემდეგი ეტაპი ჩვენი ურთიერთობისა - მას შეუყვარდა, ხო...ნამეტნავად შეუყვარდა :) როგორიცაა თვითონ, ისე შეუყვარდა... მისმა სიყვარულმა დაგვაახლოვა, მისმა გაჭირვებამ და გრძნობებმა. მე ბედნიერი ვიყავი რაღაცით თუ ვეხმარებოდი... მე ფაქტიურად მეგობარი დავიბრუნე... როცა ასე თუ ისე მოგვარდა ყველაფერი მე გავიხსენი... ოთხი წლის ინტენსიური ურთიერთობის შემდეგ მასთან მე დავიწყე მოყოლა ჩემზე, ჩემს ფიქრებზე, ჩემს გრძნობებზე... ვუყვებოდი იმას, რაც მინოდოდა ჩემზე სცოდნოდა და ეს პროცესი გრძელდება. ჩვენ დავმეგობრდით, ახლა უკვე მართლა და მე მიხარია. ძალიან მიყვარს და მიხარია რომ გვერდით მეგულება

პ.s. ამ ოთხი წლის მანძილზე თუ ოდესმე გეოგრაფიული, ისტორიული ან ნებისმიერი წვრილმანი სახის ინფორმაცია დამჭირვებია, იმავე წუთს მასთან ვრეკავდი და 95% ვიღებდი ზუსტ პასუხს. ამ ოთხი წლის მანძილზე სულ გვერდით იყო და საკმაოდ გვიან მივხვდი რა ახლობელი გახდა ჩემთვის :)

პ.პ.ს  ეს პოსტი 4 იანვრის დილას დაიწერა... ეს ერთერთი ისეთი პოსტია, რომელმაც "ამოხეთქა" :) დავდე ბლოგზე, მერე ავიღე, ახლა ისევ ვდებ - თუ გულწრფელი მინდა ვიყო, ბარემ ბოლომდე :)

Apr 14, 2010

ჩემი იასამანი

არის ასეთი საშუალო სტატისტიკური ჰოლივუდური მელოდრამა :სანამ შენ გეძინა" სანდრა ბალოკის მონაწილეობით... ხოდა ამ ფილმის შინაარსი არაფერ შუაშია ჩემთან, უბრალოდ სანამ მე მეძინა ჩემი იასამანი აყვავებულა
ეგოისტური დამოკიდებულება მაქვს მე იასამანთან - მარტო ჩემთვის მინდა. დღეს გული გამინათდა გასაყიდად გამოტანილს რომ მოვკარი თვალი, მაგრამ იმავე წამს ეგოიზმმა დამრია ხელი. ჩემია იასამანი და ეს ყოველ კუთხეში მდგარი გამყიდველები ძალიან მავიწროვებენ.
რომ ვუყურებ და რომ ვსუნთქავ, მე ვარ ხოლმე მაშინ... სრული სიცხადით შევიგრძნობ ხოლმე საკუთარ თავს... ხომ არის ისეთი მომენტები, როცა უმარტივესი საგნები თუ მოვლენები ბედნიერებას განიჭებენ... ხოდა იასამანი ესაა ჩემთვის
ახლა წარმოიდგინეთ რა უბედური ვარ, როცა ყოველ კუთხეში ვხედავ კონებს ლარად... ასე მგონია გააუპატიურეს მეთქი
სამსახურში აპრილი მიყვარდა ყველაზე მეტად. ჩემი თანამშრომლის იასამანი ყვავილობდა და იმიტომ... ბაგებში ვერ ავიდოდი იმათ მოსანახულებლად, სამაგიეროდ თვითონ ჩამოდიოდნენ ხოლმე ჩემს სანახავად ორ დღეში ერთხელ... ჩავეხუტებოდი ხოლმე მსუქნად აფეთქებულ რტოებს, ჩავისუნთქავდი მათ სურნელს და ვგრძნობდი როგორ ნაბიჯ-ნაბიჯ ავსებდა გულს მისი სურნელი... აპრილი ყველაზე მეტად მსუბუქი და ბედნიერი იყო სამსახურში.
შარშან ივნისში სტეფანწმინდა მოვინახულე პირველად... გერგეთის სამებისკენ მიმავალმა პირველად რომ გაყვავებული იასამნები დავინახე ვიფიქრე მომეჩვენათქო... აღარ ველოდი და ამავსო სიხარულით
სანათაც კი წერს იასამანზე, აი სანათაზე არ ვეჭვიანობ :)

ბატონო ჩემო,
აყვავდა თქვენი საყვარელი იასამანი,
გადიშალა მკერდზე ყვავილი...
მე მოვირთვები, გაოცდება მავან-მავანი
და თქვენს ნაცვლად თბილისს დავივლი...
ბატონო ჩემო!
შებინდებისას დაქანცული ქუჩის ხმაურით,
მთვრალი სუნით იასამანის,
მე დავწერ თქვენთვის, არ ექნება ლექსს სათაური
და ეს იქნება ჩემი წამალი...
ბატონო ჩემო!
შუაღამისას ჩუმად გამცნობთ იასამნობას
და რაიმეს უფრო სანატრელს.
როდის ჩამოხვალთ,
მომენატრეთ,
როდის ჩამოხვალთ
და ღამეს კვლავ თეთრად გავათევ...
ბატონო ჩემო...
უთქვენობამ და გაზაფხულმა იძალა ერთობ
ამ ტკივილებსაც კვლავ სათქვენო ლექსად ვინახავ
იასამნობა გამაგიჟებს, დამღუპავს, ღმერთო!
გადამარჩინეთ...
ბატონო ჩემო,
მე თქვენ მიყვარხართ!
აყვავდა თქვენი საყვარელი იასამანი,
ბატონო ჩემო!


ვერ ვეჭვიანობ სანათაზე :)
სამაგიეროდ მკითხავენ ხოლმე ხანდახან, რომელი ყვევილი გიყვარსო... აა იასამანი? - გაკვირვება - ხო, იასამანი მეც მიყვარს - არაფრად ჩაგდება.

ხოდა ნურავინ მეცილება, ჩემია

Apr 13, 2010

ნიკო



მაინც წავიდა
ასე მგონია უკანასკნელი რაინდი გარდაიცვალა
ბოჰემური რაინდი
გული მტკივა... რამდენიმე წელი კიდევ მეგონა იცოცხლებდა
ვის არ უყვარდა?
ვინ არ ავარდებოდა ხოლმე მის არა თავმდაბლობაზე?
მაგრამ მაინც წავიდა



მეტკინა ძალიან

Apr 7, 2010

Real

Apr 5, 2010

სასაფლაოები

ახლა მოვედი სასაფლაოდან. პირველი აღდგომაა თენგოს გარეშე... ხოდა ყველანი შევიკრიბეთ... მიუხედავად მუხათგვერდის საშინელი ქარისა, აქედან თუ იქედან საშინელი საცობებისა, მაინც კმაყოფილი მოვედი სახლში - მთელი ოჯახი შევიკრიბეთ.
საერთოდ ძალიან მიყვარს სასაფლაოები. პირველად ვიყავი მუხათგვერდში წელს, მადლობა ღმერთს, რომ აქამდე მაინც არ მიწევდა ისეთი ახლობლის საფლავის მონახულება, როგორიც ძმაა... ზოგადად ვამბობ - სასიამოვნო ადგილია ჩემთვის.
უფრო მეტად სოფლის სასაფლაოები მიყვარს. რაღაცნაირად იდუმალი და თბილია თითქოს იქაურობა, თითქოს შენი ახლობლების თბილი თვალები შემოგყურებენ და გეფერებიან მალულად... მისაქციელში აღდგომა მიყვარს, როცა ყველანი ერთად გავდივართ სასაფლაოზე, ყველას ვნახულობ, ყველა ახლობელია და თბილად გეგებება... მიდიხარ ახლობლების საფლავებთან და ტკივილიანი გულით ულოცავ აღდგომის მობრძანებას... მისაქციელის სასაფლაოზე ხალხმრავლობაა, ბავშვების ჟივილ-ხივილია, დიდი სუფრებია გაშლილი და ძირითადად სააღდგომო მხიარულებაა... მიყვარს მე აღდგომა მისაქციელში.
ნატანების სასაფლაო საერთოდ განსხვავებულია. ნატანებში მე აღდგომას არც ვყოფილვარ. ის სასაფლაო ჩემთვის იდუმალი და ჩუმია. როვა მე იქ ვარ, არასდროს არაა ხალხმრავლობა და ხმაური, პირიქით - სრული სიჩუმე და იდუმალებაა, მაგრამ ცხადად ვგრძნობ ჩუმ და უტკბილეს ნათქვამს - მოხვედი ბებია? რისი უნდა შემეშინდეს იქ... ჩემი ბებია ხო იქაა და მომეფერება, კალთაში ჩამისვამს და ყველაფერს გამომკითხავს... ბაბუაც იქაა, რომელიც წლინახევრის ვიყავი რომ გარდაიცვალა, მაგრამ ბებო... ჩემი კატუშა ბებო...
როცა ნატანებში ჩავდივარ სულ სასაფლაოსკენ მიწევს გული, სულ შეგრძნება მაქვს რომ მელოდებიან როდის მივალ და მათ კუთვნილ მიწას მოვეფერები, ქვას გადავწმენდ და სარეველებს მოვაცლი იქაურობას.
რაც თავი მახსოვს, სასაფლაოზე მისულს  სულ მაინტერესებდა უცხო საფლავები, წარწერები და ფოტოები, დაბადების და გარდაცვალების თარიღები... ბოლოს გავიფართოვე თვალსაწიერი და ზოგი საფლავი დავათვალიერე :) თუმცა მთლიანი სასაფლაო არ მომივლია არც ნატანებში და არც მისაქციელში
მოკლედ მე მიყვარს სასაფლაოები, მაგრამ ალბათ მხოლოდ ისინი, სადაც ახლობლები
მეგულება, სადაც მელოდებიან

Apr 3, 2010

ჰომოსექსუალიზმი VS საზოგადოება

ახლა წავიკითხე ბათუმელი ჟურნალისტის ბლოგზე ეს პოსტი , მერე  "შოკოლადში" გამოქვეყნებული "წერილი ჩემს შეფს" წავიკითხე... ისეთ ცუდ ხასიათზე დავდექი. საზოგადოებრივი აზრი ყოველთვის ვიცოდი და არ იყო უცხო, მაგრამ მაინც შემძრა
რაც უფრო მემატება ასაკი, მით უფრო მნიშვნელოვანი ხდება ჩემთვის ადამიანური გრძნობები.. ყველანაირი ადამიანური გრძნობა.
ყველა ადამიანს აქვს უფლება იცხოვროს ისე, როგორც მას სურს! - ესაა ჩემი კრედო. ძალიან  განვიცდი როცა აშკარა ძალადობას ვხედავ იმ ადამიანის მიმათ, ვისი საქციელიც საზოგადოებას არ მოწონს.
"შოკოლადში" გამოქვეყნებული წერილი ჰომოსექსუალისტ გიორგიზეა. ის თავის განცდებს წერს. თავის სასიყვარულო ისტორიებს და უფრო მეტად კი საზოგადოების დამოკიდებულებაზე მის მიმართ. ერთი რამ მიკვირს - რატომ არ ვფიქრობთ ჩვენ, ადამიანები, რომ ჩვენ თავებს უნდა მივხედოთ მხოლოდ და სხვებს თავი დავანებოთ? რატომ ვაფათურებთ ხელებს სხვის ცხოვრებაში? ადამიანი ხომ თავისუფალია და როგორც უნდა ისე იცხოვრებს...მაგრამ ჩვენ ხომ ამის გაგება არ შეგვიძლია, ჩვენ ხომ "ზე-ერი" ვართ და მანკიერი მხარეები არ გაგვაჩნია... ჩვენ ხომ ერთნაირები უნდა ვიყოთ ყველანი - ღიპიანი, ხუთლიტრაღვინისმსმელი ბიძიებით და ჩასუქებული წინსაფარაკრული სამზარეულოსგარეთცხვირისარგამყოფი დეიდებით? მათი შვილებიც ხომ მათ უნდა დაემსგავსონ? ეს ხომ დოგმაა?
წერილში ეწერა როგორ დაინახა ადამიანმა როგორ აუპატიურებდა რამდენიმე "მამაკაცი" ერთს... რამდენჯერ გამიგია "ჭკუაზე მოყვანის მიზნით" როგორ იხმარეს "პიდარასტი"  და რამდენია ასეთი მაგალითი.
ერთ კითხვაზე მიპასუხეთ,  ბატონებო.
თუკი ჰომოსექსუალისტი არის ადამიანი, რომელსაც სექსუალური ურთიერთობა აქვს მამაკაცთან, მაშინ ადამიანი, რომელიც "ჭკუაზე მოყვანის" თუ "დამცირების" მიზნით სექსუალურ აქტს ახორციელებს ჰომოსექსუალისტზე, ის აღარაა გეი? გამაგებინეთ თუ შეგიძლიათ...თუმცა ალბათ არა... ასეთი "ნამდვილი ქართველები" ხომ ისტორიის, რელიგიის დამცველებად გვევლინებიან...
არასდროს მქონია ზიზღი განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის ადამიანების მიმართ. თანდათან უფრო ლოიალური გავხდი და ვცდილობდი გამეგო, რამდენად შესაძლებელი იყო სიყვარული ორ კაცს ან ორ ქალს შორის. რამდენიმე კარგი ფილმი ვნახე - "brokenback Mountain",  "Milk", "Little Ashes", "Dream Boy". პირველად ორი მამაკაცის კოცნის სცენა ძალიან არაბუნებრივი იყო ჩემთვის, არაესთეტიური :) თუმცა ამ ფილმებში სიყვარულის ისტორიები იყო გადმოცემული, ჩემთვის კი სიყვარული ყველაფერზე მაღლა დგას ყოველთვის.
ყველას აქვს თავისი კარგად შენიღბული და დაფარული საიდუმლო... ხოდა მივხედოთ რა საკუთარ თავებს