Jan 29, 2010

ყელის ტბა

გუშინ "ცხელი შოკოლადის" მორიგი ნომერი ვიყიდე და როგორც ყოველთვის ადრენალინმორეულმა შევისრუტე მისი ინფორმაცია. პირველ ჯერზე მხოლოდ სურათებითა და სათაურებით შემოვიფარგლე - ასე ხდება ხოლმე ყოველთვის, ვერასდროს ვუძლებ ინტერესს "რა მელის შემდეგ გვერდზე"...
არის ერთი ძალიან კარგი რუბრიკა - "იმოგზაურე საქართველოში"...ხშირად ნაცნობ, ხშირად კი ჩემთვის უცნობ ადგილებზე წერენ ხოლმე ჩემი საყვარელი ჟურნალისტები თავიანთ თავგადასავლებსა და კონკრეტული ადგილების სილამაზეზე...ამჯერად კი, სადღაც მერომელიღაცე გვერდზე...იმოგზაურე საქართველოში...სანდრო ნავერიანი (უსაყვარლესი მსოფლიო პროტესტი)...ყელის ტბა...
მივხვდი გულში რაღაც ჩამწყდა...ერთი ისაა - ახლა მისი ნახვა ქართველებისათვის შეუძლებელია...მეორე კი...
სამწუხაროა და, ჩემს ცხოვრებაში რუბრიკა "იმოგზაურე საქართველოში"ძალიან გვაინ დაიწყო...ეს არ იყო არც სკოლის პერიოდში, ნუ სტუდენტობისას ასე თუ ისე დავდიოდი ექსკურსიებზე, სადაც ძირითადი მიზანი "ჭამა-სმა დიდად შესარგი" იყო...ყოველთვის მიზიდავდა კარვები და ე.წ."სპალნიკები", ტყე-ტყე სიარული, მაგრამ ჩემს გარშემო არავინ იყო მსაგავსად მოაზროვნე იმ პერიოდში... და რადგან ღმერთი ყოველთვის ისმენს ხოლმე ჩემს სურვილებს, თუნდაც მოგვიანებით - ეს სურვილიც ამისრულა, ლაშა შემახვედრა :)
ძალიან კარგად მახსოვს პირველი სურვილები სადმე გალაშქრების, მერე ადგილები და უცებ - ყელის ტბა...ლაშას იდეა რა თქმა უნდა...მე არც კი ვიცოდი ამ ტბის შესახებ...მერე ფოტოები, მერე ინფოები, მერე რუქები...პირველი ნამდვილი სურვილი, პირველი ბრძოლა უუნარობასთან...პირველი რისკის სურვილი და ... უმრავლესობის არის გათვალისწინება - ჯერ სხვაგან, პირველი ლაშქრობა სხვა მარშრუტით უნდა შედგეს...შედგა კიდეც უმაგრესი ლაშქრობა, ყველასთვის პირველი, რომელზეც აუცილებლად ცალკე დავწერ, მაგრამ ყელის ტბა გადაიდო...ახლა უკვე დანამდვილებით ვიცი, რომ დიდი, დიდი ხნით.

"ყელის ტბაზე მოხვედრა რამდენიმე მარშრუტით არის შესაძლებელი და აქედან ყველაზე პოპულარული თეთრი არაგვის ხეობიდან, გუდამაყრის მარშრუტი და ქსნის ხეობის მარშრუტია. ამბობენ - ქსნის ხეობიდან ჯობს, უფრო შთამბეჭდავია, ბევრად უფრო ლამაზიაო. ეგ მარშრუტი მე არ ვიცი, მე აქედან, არაგვის ხეობიდან წავედი, ზემო მლეთას ცოტა გავცდი და სერპანტინის პირველივე მოსახვევში ჩამოვედი ტრანსპორტიდან, დანარჩენი ფეხით უნდა გვევლო"_ წერს სანდრო. ჩვენ ზუსტად ამ გზის გავლას ვაპირებდით, ლაშას არანორმალური მიზანი ქონდა - მდინარის ხეობას გავყვებით და მივაგნებთო, სარისკო იყო - ყველანი ვიყავით გამოუცდელები, არ გვქონდა სათანადო აღჭურვილობა, არ გვქონდა ნორმალური რუქა, არ მიგვქონდა იარაღი მგლებისა და დათვების დასაფრთხობად თუ არა, თავის დასამშვიდებლად მაინც (ნუ თუ ლაშას ვიქტორინოქსის ჯაყვას არ ჩავთვლით :)))))))) მიუხედავად ამ ყველაფრისა ძალიან ძლიერი სურვილი ყველა საშიშროებას აბათილებდა - ჩვენ მაინც წავალთ!

ძალიან ბევრი ვიწუწუნე, მახსოვს, ვერ ვივლი, ვერ ვივლი, ვერ ვივლი - და მაინც საშინლად მინდოდა...რათქმაუნდა ჩემს წუწუნს არ მოუხდენია დიდი გავლენა საერთო აზრზე, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება.
ერთმა ძალიან საინტერესო ადამიანმა, რომელიც რამდენჯერმე იყო ნამყოფი მარშრუტი დაგვისახა: არაგვის ხეობიდან მლეთამდე, ლომისის ეკლესიით ქსნის ხეობაში გადადით და ცხმორის ციხის გავლით მიდით ტბასთანო...ჩემს წუწუნზე, იარაღის უქონლობა ძალიან მაშფოთებსთქო, მითხრა - ზაფხულში ნადირი ადის მაღალ მთაში და არა მგონია იარაღი აუცილებელი იყოს. ეგ ტერიტორია კონფლიქტის ზონას ესაზღვრება და იარაღის წაღება შესაძლოა საფრთხილოც იყოსო... მანვე მითხრა, ყველაზე მაგარ მარშრუტს გეტყვიო, თუ გინდათ მართლა დიდი სილამაზე ნახოთ თრუსოს ხეობით წადით ტბაზე, "თრუსოში ნახავ მინერალებით დაფარულ მინდვრებს, მინერალური წყლის პატარა ტბას და სისხლივით წითელ მდინარეს. ერთ-ერთი გამქრალი ქაღტული ტომის - დვალების დაცარიელებულ პატარა კოშკების 2 ქალაქს".
სანდრო ნავერიანმა კი სამი დღის სიარულის შემდეგ, დილით, თავის სამ თანამგზავრთან ერთად იხილა იგი: "ყელის ტბა მართლაც ულამაზესი სანახაობაა, მით უფრო დილაუთენია, ჯერ კიდევ ჰაერი რო არ იძვრის და ტბას სხივები არ დასდგომია. გგონია, თითქოს უზარმაზარი სარკის ნამსხვრევი გდია და მასში ყველაფერი ჩანს, რაც მას ზევით არის. მზის ამოსვლის შემგედ ნიავიც დაუბერავს  ხოლმე და გარდა იმისა, რო ტბა მზის სხივებს ირეკლავს და მისი სრული სილამაზით დატკბობას ვერ ახერხებ, ტბაც ლივლივს იწყებს, და სარკის ეფექტიც მომავალ დილამდე ქრება. დილაობით ყელის ტბა ყველაზე ლამაზია."

2006 წელს მე ვერ ვნახე ყელის ტბა, რომელიც მაშინ შორს მეჩვენებოდა და თურმე ახლოს კი ყოფილა...2008 წლის შემდეგ ყოველთვის, როცა კი ყელის ტბის სახელს გავიგონებ ამ სურათს დავინახავ საშინელი გრძნობა მიჩნდება - თითქოს რაღაც შინაური ამომაგლიჯეს გულიდან და ამიკრძალეს... თითქოს რაღაც ძალიან ახლობელი წამართვეს, ახლობელი რომლის ნახვაც ვერ მოვასწარი...არ მინდა ვიფიქრო, რომ ვერასოდეს ვნახავ  ადგილს, სადაც პირველად უნდა წავსულიყავი ლაშქრობაში

blog comments powered by Disqus