რაღაცეები მეყალბება ამ ბოლოს... ვერ გავერკვიე საკუთარ დამოკიდებულებაში ადამიანებთან...
ბოლო ხანებში ვფიქრობ რომ არასწორად ვიქცევი მათთან დამოკიდებულებაში... ყოველი ადამიანი გარკვეულ ინდივიდს წარმოადგენს და ხშირად არ მალავს თავის ნამდვილ სახეს, მაგრამ როგორ ვიქცევი მე? მგონი არაადეკვატურად: ჯერ აჟიტირებული ვარ, ასე გადის რაღაც პერიოდი და უცებ აღმოაჩენ სიყალბეებს...ეიფორიის გასვლისას ყოველთვის აღმოჩნდება, რომ თვისება, რომელსაც თვლიდი მოჭარბებულად ქონდა კონკრეტულ ადამიანს, აღმოაჩენ რომ არც ისე მკვეთრადაა წარმოდგენილი...
ეს არის ჩემი ბრალი. ვიცი. ბვშვობიდან ასე ვიყავი. მერე ხან ვენარცხებოდი წინ აღმართულ კედელს, ხან უბრალოს სულერთი იყო ჩემთვის... არ მაღელვებდა...
სადღაც თავში მეშლება... თუ იღებ ადამიანს მერე მასში პატარ-პატარა ნაკლები აღარ უნდა გაღიზიანებდეს, მაგრამ მე თვითონ რთული ხასიათის მატარებელს მიჭირს ავიტანო სხვისიც... რაღაც ლაფსუსები...ერთი... ორი... სამი... ისე აცლიან ლაზათს... მერე უკვე სულ ერთი ხდება... როცა გეგონა შენზე ბევრად აღმატებული ყველაფრით, შენზე რთული პიროვნება, შენზე ღირსეული, უცებ ხვდები რომ ჩვეულებრივია.
მერე უკვე ყალბია ყველაფერი...
მე შემიძლია გავუგო ადამიანებს. მე მიყვარს ეს ჩემში, რაც უფრო ვხედავ სირთულეს, მით უფრო მიმზიდველია, მთავარია მერე არ აღმოჩნდეს რომ ეს ყველაფერი პოზაა...
ადამიანებო, ფიქრობთ რომ ეს პოსტი თქვენ გეხებათ?
არა! ის მხოლოდ ჩემია
მაპატიეთ ასეთი ეგოიზმი და დაუნდობლობა, მაგრამ ამ შემთხვევაში მე ვარ მთავარ როლში. ეს უძრავი თეატრია, სადაც მთავარი მოქმედი გმირი უძრავად დგას სცენაზე და მხოლოდ დეკორაციები იცვლება... ემატება... ემატება... ემატება... ჩრდილები... სინათლე...კაშკაშა ფერები... არა, სიკაშკაშე არაა აქ, არაა სიკაშკაშის ადგილი...
ეს უძრავი თეატრია... აქ მხოლოდ მკვეთრი მოძრაობა შეიმჩნევა... ისიც ხანდახან... მერე ისევ უძრაობა... დიდი ხნით
May 22, 2010
უსულო საგანი
Автор: ეკაუკა на 00:13 View Comments
May 18, 2010
რა პატარები ვართ
დღეს კურიერს უყურე შემთხვევით და გავიგე - მედვედევის უკრაინაში ვიზიტისას, უცნობი ჯარისკაცის საფლავის პატივსაგებად მისულ პრეზიდენტებს ქარი ცოტათი "გაეხუმრა". ვიქტორ იანუკოვიჩს ე.წ. "ვენოკი" დაეცა თავში. წამყვანმა თქვა, უკრაინის პრეზიდენტმა ყველას სთხოვა არ გაევრცელებინათ ამ ფაქტის ამსახველი ვიდეო-მასალა.
შევედი "facebook"-ზე და ყველგან ეს ვიდეო იდო... ყველგან და ყველასთან... ვუყურე რათქმაუნდა, მაგრამ რა მერე? ასეთი რამ ყვეას შეიძლება დაემართოს.
კომენტარები და სიცილ-ხარხარი რომ იყო ამაზე გავღიზიანდი... ეს იმას გავს, "დიდი ბიჭი" რომ დაგჩაგრავს, შენ სამაგიეროს ვერ უხდი და შემთხვევით ფეხი თუ წამოკრა - გიხარია... ყველაზე სასაცილო ისაა, რომ იანუკოვიჩს მოხვდა ეს გვირგვინი, და არა მედვედევს ანუ პირდაპირ მტერს...
ნეტა მედვედევს რომ დასცემოდა თავში ეს გვირგვინი, სახალხო ზეიმად გამოვაცხადებდით ამ დღეს თუ ეროვნულ დღესასწაულად?
Автор: ეკაუკა на 00:02 View Comments
May 11, 2010
ჩემი სანათა
წეღან დავჯექი და ინტერნეტში ვიქექებოდი, ბიოგრაფიულ ცნობებს ვეძენდი სანათაზე... როდის დაიბადა, სადაა ახლა, რამდენი წლისაა... მერე დავანებე თავი, რა მნიშვნელობა აქვს ამ ყველაფერს, მე ხომ მისი ბიოგრაფიის დაწერას არ ვაპირებ, მე ჩემი სანათას შესახებ უნდა მოვყვე :) დიახ, ჩემი... არა იმიტომ რომ ჩემია მხოლოდ, უბრალოდ ჩემთვის ვინაა, რაა, როდიდანაა ამაზე გიამბობთ :)
შარშან "ლიტერატურული პალიტრის" ერთ-ერთ ნომერში მარიამ ხუცურაულის, იგივე სანათას ლექსები დაიბეჭდა. სიმართლე რომ ვთქვა არ წამიკითხავს... საერთოდ პროზას უფრო ვეტანები ხოლმე, პოეზია ჩემებურად მიყვარს - ბევრჯერ წაკითხული ლექსები მიყვარდება, ამოვიჩემებ და მერე ხელიდან ვერ მაგდებინებენ... ახალ ლექსებს ვერ ვკითხულობ
ხატია მიმყოფის ღმერთმა კარგად და "ლიტერატურული პალიტრა" ყოველ თვე მსტუმრობს. მაშინაც მე პროზას მივუჯექი, დედაჩემი - პოეზიას და დაიწყო:
- ეკა, ნახე რა მაგარი ლექსებია- მოდის ერთხელ დედა
მე არ მიყვარს ლექსებს რომ მიკითხავენ, ძალდატანებით :)
- დედა, დამანებე თავი, მერე წავიკითხავ - ვპასუხობ.
დედაჩემს არ აინტერესებს და იოწყებს კითხვას :) მე რათქმაუნდა არ ვუსმენ :)
გადის რამდენიმე დღე, ჩემთან მოდიან მეგობრები. შემოდის დედაჩემი, რომელიც ასევე მეგობარია მათი :)
- გოგოებო, ნახეთ რა უსაყვარლესი ლექსები აღმოვაჩინე - ამბობს დედა და უცერემონიოდ იწყებს კითხვას :)
გოგოები არაფერს ამბობენ, ღიმილით უისმენენ, ოღონდ მხოლოდ ზრდილობისთვის, მე გული მიწუხს :)))))) ასე გაგრძელდა ერთი თვე... დედაჩემს ლიტერატურულ ტერორში ვყავდი :)
ასე გავიდა "ტერორისტული" თვე... მერე ბრაზმა გამიარა :) და ჟურნალი ავიღე, ერთი ლექსი თავისით შემომეკითხა, მერე მეორე, მესამე, მეოთხე...ვაიმეეეეეე...
ახლიდან ვკითხულობდი, იგივეს...
ეს მომწონს...
არა, აი ესეც რა საშინლად მომწონს... ეს რა ცუდია?... შემიყვარდა...საშინლად
ვინაა სანათა? რად მინდა ბიგრაფია, რად მინდა დაბადების თარიღი, აი ვინაა
Автор: ეკაუკა на 20:34 View Comments
Apr 28, 2010
დვნობა 2010
24-ში დვანში წავედით მე, გვანცა და მარო. როცა მარომ მითხრა შაბათს დვანში მოდიხარო, არც კი დავფიქრებულვარ ისე მივეცი თანხმობა. საშინლად მჭირდებოდა გარემოს შეცვლა და ეს ერთერთი მშვენიერი ადგილი იყო სადაც სიამოვნებით წავიდოდი
დვანში კოხიჯვრობა იყო, კოხიჯვრის წმინდა გიორგის დღესასწაული, იგივე კვართობა. სოფელში სტუმრიანობა და შესაბამისად უამრავი მთვრალი ადამიანი იყო :)
შაბათს წვიმდა საშინლად, ციოდა. ეკლესიის მონახულება არც გვიფიქრია, არც გაგვიშვებდა არავინ. ეკლესია სადღაც შუაშია მოქცეული - ოკუპირებულ და კონტროლირებად ტერიტორიებს შორის...
საერთოდ არ მიყვარს უცხო გარემოში მოხვედრა, უხერხულად ვგრძნობ თავს და სიამოვნებას ვერასდროს ვიღებ. ამ ბოლო ხანებში ჩემმა უღიმღამო (უზუსტესი შეფასებაა) მდგომარეობამ უფრო მკვეთრად გამოხატა უცხო გარემოში მოხვედრის სურვილის არარსებობა. დვანში თავს ვგრძნობ როგორც საკუთარ სოფელში, როგორც სახლში. სხვა შემთხვევაში ვერანაირი ძალა ვერ მაიძულებდა სახლიდან ფეხის გადგმას :)
კვირას მზის სითბომ გვისალბუნა. შეგვავსო საოცრად და იარებიც მოგვიშუშა. ეკლესიისკენ დავადექით გზას... არა, ექსტრიმი არ იყო ჩვენი თანამდევი, უბრალოდ მწყემსად წასული სკოლის დირექტორისათვის საგზალი უნდა აგვეტანა :)
ქვემოთ, სახლთან ბლოკპოსტია. იქ მთავრდება ჩვენს მიერ კონტროლირებადი ტერიტორია. მზემ სიცოცხლე მოგვანიჭა, საზღვრების შეგრძნება წაშალა...
ვერ ვგრძნობდი სად იყო საზღვარი. არა იმიტომ რომ ეს მიწა საქართველოსია და უკანონოდაა მითვისებული, უბრალოდ არ მქონდა საღზვრის შეგრძნება არანაირი და მშვენიერი იყო ეს, საოცარი შეგრძნება. მიუხედავად ყველაფრისა საოცარ სილაღეს და თავისუფლებას ვგრძნობდი, მიახაროდა ცოცხალი რომ ვიყავი, მიხაროდა მზე, მიხაროდა სიმწვანე და სველი მიწა
ამ გორის უკან სულ ოსური სოფლებია, ამ გორის უკან უზარმაზარი სამხედრო ბაზა შენდება... მე არ ვიცი რა იქნება ხვალ, ზეგ, ეს არც ერთმა დვანელმა არ იცის და ყველას ჩუმი შიში აქვს მომავლისა, რომელიც არ ვიცით რას გვიმზადებს. მე უბრალოდ ერთი რამ ვიცი, რამე რომ მოხდეს მეც ისევე მეტკინება სული და ხორცი, როგორც თითოეულ მკვიდრს. მესამედ ვიყავი ამ სოფელში და მეგონა სახლში დავბრუნდი. რამე რომ მოხდეს მე მატერიალურს არ დავკარგადვ არაფერს, მაგრამ ჩემი სიხარულისა და გულის ნაწილი აუცილებლად მიკვდება... თუმცა მხოლოდ კარგის იმედი მაქვს. ორი წლის წინ დვანიდან გამოქცეულებს სრულიად დარწმუნებულმა ვუთხარი - თქვენ დაბრუნდებით! და ისინი დაბრუნდნენ. ხოდა ახლა ვამბობ რომისინი მშვიდობიანად იცხოვრებენ დვანში! და იცხოვრებენ!!!
როგორ შემიძლია გვერდი ავუარო მასპინძლებს, საოცარ ხალხს, მაროსა გვანცას დედულეთს... როგორ არ ავნიშნო თამარა ბაბო, უსაყვარლესი და უტკბილესი მოხუცი, საოცრად პროგრესულად მოაზროვნე, რომელიც თვლის რომ არაა საჭირო განვლილ საუკუნეში მიღებული ნორმები ოცდამეერთე საუკუნეშიც უნდა დაიცვან მისმა შვილიშვილებმა. მიყვარს ასეთი მოხუცები, გონების სიჯანსაღეს რომ არ კარგავენ ასაკის მატებასთან ერთად. ისე მიხაროდა რომ ვუყურებდი, მივხვდი როგორ მაკლია ბებიის სითბო. თითქოს არ გახსენდება, წასულია უკვე, მაგრამ გახსენება სითბოსა და ტკივილს გიღვრის გულში.
როგორ არ ავღნიშნო პოეტური სულის მქონე მათემატიკოსი სკოლის დირექტორი :) ჩემი მეგობარი, რომელიც დიდი ძალაა სოფლისთვის. როგორ აქვს საკუთარ კაბინეტში ჩაკეტილი საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დარიგებული სარეცხის ფხვნილის მთელი არმია და სხვა საშუალებები და არავის აძლევს უფლებას ერთი ცალიც კი აიღოს, მის მეუღლესაც კი :) როცა ვკითხე სარეცხი ფხვნილი რაში უნდა გამოიყენოთ სკოლაში-თქო ჯერ არ ვიციო, მიპასუხა :))))))))))
როგორ არ ავღნიშნო მისი მეუღლე, ძალიან სიმპატიური ქალბატონი, რომელიც იგივე სკოლაში მშობლიური ენისა და ლიტერატურის მასწავლებელია. სახლში კი საოცრად თბილ სიტუაციას ქმნის მისი დიასახლისობა.
როგორ არ ავღნიშნო ტარიელი და თამარი :) ქალბატონი ტამო ერთი კუდრაჭა ჭინკაა, თვალებში ჭინკები დაუხტის და სულ რაღაც აინტერესებს, მამიდაშვილების მესაიდუმლეა და საერთოდ უკუდრაჭესი რამეა. ტარიელი კი დღითიდღე იზრდება და სულ იცვლება. პაწაწუნა ბიჭი იყო პირველად რომ ვნახე, ახლა კი თანდათან საინტერესო პიროვნებად ყალიბდება. მამის მეგობრებს უხარიათ, მოგვესწროო. მე კი ვფიქრობ სტუდენტობა მის დიდ პოტენციალს სულ სხვა მხარეს წარმართავს. დარწმუნებული ვარ ერთ ხუთ წელში იამაყებენ არა იმით, სუფრაზე გვერდი დაგვიმშვენაო, არამედ იმით, რომ საინტერესო, განათლებული და პროგრესული ახალგაზრდა იქნება.
ჰოდა მე მიყვარს მდინარე ფრონეს ხეობა, ვაშლის ბაღები, შიოს ბიჭის სახლი მიყვარს, თენგოს ღვინო :)))))))))), მაროს ეზოს გაუყვავებელი იასამნები მიყვარს... დვანი მიყვარს და მინდა მუდამ მეგულებოდეს თუნდაც ასეთ მდგომარეობაში, თუნდაც ჯარისკაცებით ბლოგპოსტებზე, მაგრამ მეგულებოდეს და ვიცოდე, რომ მე ჩავალ დვანში
Автор: ეკაუკა на 16:57 5 коммент.
Apr 22, 2010
საკუთარი თავის ძიებაში დაწერილი პოსტი
ახლა ვიქექებოდი ჩემს უჯრაში და ეს ვიპოვე. დრო გადის და არაფერი იცვლება თითქმის
პრინციპში არ ვიცი რამდენად კარგია როცა არ იცნობ, ჯერ კიდევ არ იცნობ საკუთარ თავს... ნუ თუ ეძიებ, მაშინ შეიძლება ამაში კარგი მხარე დაინახო, თორემ თუ გაჩერდი... როცა იცნობ შენს პიროვნებას, მაშინ დრო უკვე მეტი გრჩება იმისთვის, რომ სათანადოდ გამოიყენო, საჭიროების მიხედვით... გამიგია, ადამიანთა ნაწილს აქვს შეგრძნება, რომ ცოტა დრო აქვთ და სულ რაღაცის მოსწრებაზე არიან; მეც სულ მაქვს შეგრძნება, რომ მაგვიანდება, მაგვიანდება, მაგვიანდება... მაგრამ არაფერს ვაკეთებ ამის შესაცვლელად.
ცოტა იფიქრეო, ამდენს რომ ფიქრობ იმიტომ ხარ ასეთი დათრგუნულიო, იმიტომ იტანჯებიო... სასაცილოა...
მუდმივი შეგრძნება - არავინ მიცნობს... თუ ესეც ის მომენტია, რომ "კარგი ტიპი" ხარ თუ არავინ გიცნობს? რაღაც გამოუცნობი და საინტერესო? იქნებ ყველასთვის გაშიფრული ხარ და ქმნი ილუზიას, რომ მიუწვდომელი ხარ? ილუზია...
მუდმივი უკმაყოფილების შეგრძნება... რატომ? რატომ მაქვს ასეთი დიდი მოთხოვნილებები? ვიმსახურებ კი მეტს? იქნებ არა, ან იქნებ კი? თუ ეს კვლავ ილუზიაა?სხვათაშორის, სხვებზე ვამბობ, ბედი დაყვებათქო. საკუთარ თავზე მეშინია? არ მინდა გაგრძელდეს? არ მინდა გვერდით ადამიანი, თუ ოდესმე ვიფიქრებ, რომ მე მეტი მეკუთვნოდა!!! არ მინდა მქონდეს ეს შეგრძნება და მინდა ვიყო შევსებული... აი სისავსე მაკლია... თუმცა იმდენად პრიმიტიულად ვფიქრობ, რომ ყველაფერი ერთ აზრამდე დადის... ამ ბოლოს, ვატყობ, ყველა ფიქრი და საუბარი ერთ წერტილამდე მიდის და იქ ჩერდება... რატომ?
ვიცი რომ არ ვარ ძლიერი, მაგრამ ხომ შეიძლება ვაიძულო თავი... ძალიან რომ ვარ არეული ამას მხოლოდ ხანდახან ხვდებიან... დაბალანსება მჭირდება... ვინ გამიგებს ასეთ არეულს? რატომ მაღიზიანებენ ადამიანები? რატომ ხდებიან უინტერესონი? რატომ მემართება დეპრესია ყოველი ქეიფის მეორე დღეს? რატომ არ მაქვს პროტესტი იმ დღეს? რატომ ვარ გაორებული? ერთ დღეს - სანიმუშოდ გამგები გოგო, მეორე დღეს - დეპრესიული ტიპი?
დავიღალე საშინლად. არ მინდა არ ვიფიქრო. რატომ არ უნდა ვიფიქრო? ფიქრის გარეშე უფრო დამტანჯავს პრიმიტიულობის სინდრომი... რამე უნდა შეიცვალოს... სადმე მინდა... მარტო მინდა... სხვაგან... სხვა გარემო მჭირდება, ინტელექტუალურად დატვირთული. დარწმუნებული ვარ ბევრ კითხვას გავცემდი პასუხს... მირჩევნია გამიჭირდეს
პ.ს. ეს წერილი რამდენიმე თვის წინ მაქვს დაწერილი. ისევ მინდა სხვაგან
Автор: ეკაუკა на 14:16 1 коммент.



