Mar 1, 2011

უსათაურო

იქნებ ის გზა ჯობდა? იქნებ იქით უნდა წასულიყავი, საითაც გადაწყვიტე? ის, მეორე გზა... არ შემიძლია ასეთს რომ გიყურებ, გგრძნობ. ჩემი ტკივილის ანალოგიურად მტკივა შენი. ხშირად არ ვარ ასე, ვერ ვარ. ძალიან მინდა ხოლმე განცდა, მაგრამ არ გამომდის.. ახლა კი, შვება არ მოვიდა...
შენთან უნდა მოსულიყო შვება. ბევრი რამ მოხდა, მაგრამ მაინც რატომ ხარ ასე დათრგუნული? ყველას საკუთარი გზა აქვს და ტვირთი. გზას ჩვენ ვირჩევთ მაინც... ტვირთი კი ვისაც რამდენი შეუძლია იმდენი მიაქვს? იქნებ მეტი?
მაგრამ... იქებ მაინც ის გზა ჯობდა? მეორე გზა...

Dec 12, 2010

შეგრძნებები

შეგრძნებები ისეთი თემაა პროფესიონალი ფსიქოლოგის დონეზე უნდა  ჩაუღრმავდე და ისე წერო. შეგრძნებების გაღვიძება რეალიზების გარეშე დამღუპველი თუ არა, სულ ცოტა უსიამოვნო მაინცაა. თუმცა შეგრძნებების ტრანსფორმაციაც შესაძლებელია, რასაც მე არ მივიჩნევ სწორად. ყველა შეგრძნებამ თავისი გზა უნდა ნახოს გამოსაღწევად. შეგრძნებების გამოუხატველობა ანომალიების საწინდარი ხშირად გამხდარა.
ზოგს კი შეგრძნებები საერთოდ არ გააჩნია

Nov 3, 2010

ironic? ყველაფერი კარგადაა

მოვიდა
როგორც იქნა მოვიდა, დამიბრუნდა
არადა ერთი წელია გელი, მეგონა უფრო მალე მოხვიდოდი, 21 ნოემბრიდან ყოველ დღე გელი მაგრამ შენ ერთი წელი არ მალოდინე, მაინც არაუშავს
არადა ერთად არ დავიბადეთ? :)) სად მიდიხარ ხოლმე :) გამიძვრები თვალსა და ხელს შუა, ხომ იცი მაინც ჩემთან მოხვალ ბოლო-ბოლო...
მე და შენ ერთარსი ვართ,მე ვიცი, ერთად დავამთავრებთ არსებობას
თუ ცხოვრების შანსი მოგვეცა, მაშინ ერთად დავასრულებთ ცხოვრებას :)
მიყვარხარ მე შენ
ხანდახან ისე მარტო ვგრძნობ ხოლმე თავს შენს გარეშე :)
აი, ამ წამს მივხვდი რომ მართლა მოსულხარ  და იცი როგორ ვარ?
isn' it ironic..
don't you think?
it's like raaaaaaaaaaaaaaaaaaaain................

ახლა არ მითხრა ბანალური ხარო :)
ბოდიში ბატონო, უფრო  ორიგინალურად ვერ დაგიხვდი :)

მოდი და მშთანთქე, თუ შთანმთქე... როგორცაა

რაც მთავარია უკვე ორნი ვართ, მე და ჩემი მშობლიური  დეპრესია :)

Oct 20, 2010

ნელთბილი

მგონი ჩვენ არ ვართ ერთმანეთისთვის გაჩენილები, იცი?
თითქოს ერთ პლანეტაზე ვართ, ოღონდ სხვა პლანეტაზე, არა აქ და ერთად, მაგრამ თან სხვადასხვა ორბიტაზე ვტრიალებთ თითქოს.სიჩქარეებიც კი სხვადასხვა გვაქვს
რა მიკვირს იცი? ასე როგორ ვგავართ და ასე როგორ განვსხვავდებით? იქნებ შენ იცი ამაზე პასუხი?
შენ ხომ არ გიყვარს სიმარტივეები? უფრო სწორად მარტივი ადამიანები... ხომ უფრო ღრმას ეძებ ადამიანში... ვიცი, ამას თვითონ ამბობ, მაგრამ რად გინდა ეგ იდუმალების ნიღაბი?
გამაგებინე რატომ არ თუ ვერ ვლაპარაკობთ ჩვენს ურთიერთობაზე? რად უნდა ამდენი ბურუსი? ვერ გავიგე... იცი როგორი დაბნეული ვარ?
ხან მგონია რომ უბრალოდ არაფერს გრძნობ
არადა ხომ ვფიქრობდი ასე და გადავწყვიტე საერთოდ არ გვქონოდა ურთიერთობა... ხო, ზუსტად... გადაწყვეტილებებს ვიღებ მარტო... შენთან ერთად არა
მე დავიღალე ერთხელ უკვე
და უკვე ვხვდები მეორედაც ვიღლები
"ნელთბილობები" - გეცნობა ეს სიტყვა? ალბათ არა. ამ სიტყვის ავტორს იცნობ სამაგიეროდ
აი ეგაა ჩვენი "ურთიერთობა"
ალბათ შენ თვითონაც არ იცი... ალბათ დაკავებული ხარ... ალბათ... ალბათ...
არ მინდა რა, წელიწადში ერთხელ გადმოფრქვევა არ მყოფნის რა
საზიზღრად ვარ უკვე, ვხვდები
გითხარი კიდეც, იმის მაგივრად რომ შენთან ერთად სიცოცხლე მინდოდეს ყველაფერს აკეთებ რომ აღარაფერი მინდოდეს-თქო... სიცილით გითხარი, მაგრამ მართალია და იცი შენ ეს
ვერაფერს გეუბნები... შენ გთხოვ, მაგრამ ვერც მე გელაპარაკები. რა  გავაკეთო მითხარი... როგორ დაგელაპარაკო, რა მოვიმოქმედო? ან საერთოდ რამე მოვიმოქმედო?
რად გინდა ეს ყალბი და მოჩვენებითი იდუმალება, გამაგებინე
მე შენში ზუსტად ის მომწონს, სხვებს რომ არ გავხარ... ის მომწონს რომ მე როგორსაც გიცნობ ისეთს არ გიცნობს სხვა...
ექვსი თვე არ გნახე და იმასაც ვერ მიხვდი რომ განა არ მეცალა, უბრალოდ არ მინდოდა შენთან შეხვედრა... მაინდამაინც უნდა მეთქვა კონკრეტულად? მაინდამაინც უნდა მეყვირა გშორდებითქო? დაშორება როგორ გამოვიდოდა, ერთად არც ვყოფილვართ...
ექვსი თვე არ მინახიხარ და არც მომნატრებიხარ, პირიქით - მსუბუქად ვიყავი... მერე, ნელნელა მივხვდი რომ შენი სიდებილეები მომენატრა, აი - სიდებილეები...
ღმერთო ჩემო, მითხარი რომ მეგობარი ვარ მხოლოდ, ეს თუ არ მერჩიოს რა...
რა გავაკეთო მითხარი, რა ვქნა?
მითხარი ვინ ვარ შენთვის, უბრალოდ მითხარი... რომ ეს დასკვნაც მე არ გამოვიტანო
... ასე აღარ მინდა
მერე ალბათ გაიმეორებ - რატომ ართულებ, ასე ხომ კარგად ვართ? :) ალბათ შენ კარგად ხარ ... იმიტომ ვამბობ, სხვადასხვა სიჩქარით ვმოძრაობთ სხვადასხვა სიბრტყეში, თუმცა კი ერთ პლანეტაზე
არადა რაღაცნაირი ხარ - მშობლიური, თითქოს ყოველთვის იყავი, თითქოს სულ მახსოვხარ... შენ ჩემთვის ვნებების ქარცეცხლი არ მოგიტანია, არც გრძნობების ზღვა... პირიქით, ძირითადად ნერვებს მიშლი და ხანდახან, წელიწადში ერთხელ ძალიან კარგად ვგრძნობ თავს შენთან... შენ ხომ იცი რომ მარტივი არ ვარ... და შენ ხომ მოგწონს ეს?
გამანთავისუფლე ამ გაურკეველობისგან... გამანთავისუფლე რომ მე გავხდე მე. ვერ ხვდები რომ ეს მე არ ვარ? ვერ ხვდები რომ მთელი არსებით შებოჭილი ვარ? ვერ ხვდები???
ვერ ხვდები!
მე არ დაგიღეჭავ... მე არ მჭირდება ადამიანი რომელსაც დავუღეჭავ... მე არ მჭირდება ადამიანი ვისთანაც მე  არ ვიქნები მე.... როგორ მინდა თავისუფალი ვიყო, შენ კი რატომღაც ბურუსი მოგწონს... მე ვერ ვხვდები როდის მიდი-მოდიხარ... ხოდა წადი, ბატონო, ოღონდ მითხარი რომ  წახვალ
და როცა მოხვალ, მაშინაც მითხარი - მე მოვედი

Jul 4, 2010

ერთი ტანკა

პოსტი შთამაგონა ბლოგმა "ხელოვნების მახე" , სადაც წავიკითხე, რომ ისიკავა ტაკუბოკუ ჭლექით გარდაცვლილა 26 წლის ასაკში... 

ეძღვნება თეას

სულ პატარა ვიყავი როცა ისიკავა ტაკუბოკუს მინიატურული წიგნი "ასი ტანკა" მაჩუქეს. მაშინ გავეცანი და შემიყვარდა ტანკა. ახლა კი მინდა ამ წიგნის წინასიტყვაობა ჩემს ბლოგზე გადმოვიტანო

ხუთსტრიქონიანი ლექსი - ტანკა - იაპონური პოეზიის კლასიკური ჟანრია. ტანკა ურითმოა, იაპონურად მოკლე სიმღერას ნიშნავს.
პოეზიის ეს ჟანრი იაპონიაში ჩაისახა - V-VI საუკუნეში. მაშინდელ პოეტურ შემოქმედებას უმთავრესად ექსპრომტის ხასიათი ქონდა. ლექსები ითხზვებოდა ცხოვრების ყოველგვარ მოვლენებზე, ამიტომ ლექსის სრული გაგებისათვის ხშირად აუცილებელი იყო იმ ყოფითი სიტუაციის ცოდნა, რაც პოეტის შთაგონებას ასაზრდოებდა.
კლასიკურ ტანკაში განსაზღვრული იყო არა მარტო ფორმა, არამედ თემაც. უმთავრესად ეს თემები იყო წლის ოთხი დრო, სიყვარული, განშორება, მოგზაურობა.
ტანკა საუკუნეების განმავლობაში არსებობდა  და ისევე, როგორც პოეზიის მეორე ტრადიციული ჟანრი - სამსტრიქონიანი ჰაიკუ (ჰოკკუ), იაპონელების საყვარელ ჟანრად ითვლებოდა. მე-19 საუკუნის 70-80-იან წლებში, ე.წ. მეიჯის რევოლუციის შემდეგ, ევროპული კულტურის გავლენით, ახალი შინაარსისთვის შესაფერი ფორმის ძებნა დაიწყო. დაიბადა ახალი ფორმის ლექსი - სი. ტანკა და ჰაიკუ მაინც შემორჩა იაპონურ პოეზიას, თუმცა არსებობდა მოსაზრება, რომ ტრადიციული იაპონური ტანკა და ჰაიკუ მხოლოდ წარსულს ეკუთვნის, რომ ისინი ვერ ასახავენ იმას, რაც თანამედროვე ხალხს აღელვებსო, თუმცა ლიტერატურა ისწრაფვოდა გამოეხატა თავისი დროის სინამდვილე და პოეტები იბრძოდნენ ამ ტრადიციული ჟანრების განახლებისათვის.
განახლებული ტანკას ერთერთი საუკეთესო წარმომადგენელი იყო. მან თავისი გაბედული რეფორმით დაარღვია  ტანკას პოეტური პირობითობა და შეზღუდულობა.
ისიკავა ტაკუბოკუ (ნამდვილი სხელი - ისიკავა ჰაჯიმე) დაიბადა 1885 წელს სოფელ სიბუტამიში, ჰონსიუს ჩრდილო-აღმოსავლეთში. აქვე გაატარა ბავშვობის წლები.
ისიკავა ბუდის მღვდლის შვილი იყო და სოფლის ტაძარში გაიზარდა. ბავშვობის ხანა ყველაზე სასიხარულო წლები იყო პოეტისათვის. მის ტანკებში იგი სევდითა და სათუთი გრძნობით იხსენებს ბავშვობასა და მშობლებს.
პირველი ხუთსტრიქონიანი ლექსები დაწერა თხუთმეტი წლის ასაკში ჟურნალ "დილის ვარსკვლავის" ზეგავლენით. ეს ჟურნალი  გამოდიოდა 1900 წლიდან ცნობილი იაპონელი პოეტის იოსანო ტეკანის ხელმძღვანელობით.
პოეტებს, რომლებიც ამ ჟურნალში ბეჭდავდნენ ლექსებს შეიძლება ვუწოდოთ ნაგვიანევი რომანტიკოსები.
ამ პოეტური მიმართულების ზეგავლენით დაწერილი ისიკავა ტაკუბოკუს ლექსები 1902 წელს დაიბეჭდა ამავე ჟურნალში.
იოსანო ტეკანმა ყურადღება მიაქცია ახალგაზრდა პოეტს, მაგრამ ურჩია ხუთსტრიქონიანი ტანკას ნაცვლად ახალი ფორმის ლექსები დაეწერა.
ტაკუბოკუმ დაუჯერა ამ რჩევას და 1905 წელს შესძლო გამოეცა ტოკიოში ლექსთა კრებული "სწრაფვა", რომელიც დაწერილი იყო საოცნებო რომანტიული პოეზიის ყაიდაზე.
კრებულმა პოეზიის მოყვარულთა მაღალი შეფასება დაიმსახურა. პოეტმა ორწმუნა თავისი ნიჭი, მიატოვა საშუალო სკოლა და ტოკიოში გაემგზავრა. იქ მან შეიტყო, რომ მისი მამა სამსახურიდან დაუთხოვიათ და ოჯახმა დაკარგა არსებობის წყარო. პოეტი იძულებული გახდა დაბრუნებულიყო სოფელში და მასწავლებლობა დაეწყო. ის მთელი გულით მოეკიდა აღზრდის საქმეს, მაგრამ მალე  უსულგულო აღმზრდელებთან კონფლიქტის გამო სამუდამოდ მიატოვა მშობლიური სოფელი.
1906 წლის მაისში ისიკავა გაემგზავრა კუნძულ ჰოკაიდოზე. აქ მთელი წელი იმოგზაურა და შემდეგ ამ მოგზაურობას უძღვნა ლექსების ციკლი "ისინი, ვისაც ვერ დავივიწყებ".
იგი ამ კუნძულზე ჟურნალისტად მუშაობდა  ადგილობრივ გაზეთებსა და ჟურნალებში; აქ გაეცნო თანამედროვე იაპონიის ცხოვრებას და აქვე ჩამოყალიბდა მისი რევოლუციური მსოფლმხედველობა.
ტაკუბოკუს ხუთსტრიქონიაი ლექსების პირველი წიგნი გამოვიდა 1910 წლის ბოლოს, მეორე წიგნი,  "სევდიანი სათამაშო" - 1912 წელს, სულ მალე მისი სიკვდილის შემდეგ.
"არსებობენ განსაკუთრებული წუთები, ისინი არ განმეორდებიან. მე არ მინდა მათ უქმად ჩაიარონ. ყველაზე კარგად მათი გამოსახვა შეიძლება ისეთ მოკლე ლექსში, როგორიც არის ტანკა. მე ვწერ ტანკას იმიტომ, რომ რომ მიყვარს სიცოცხლე"
კლასიკურ იაპონურ პოეზიას არ ახასიათებს მაღალფარდოვანობა, გადაჭარბებული ემოციურობა. როგორც წესი პოეტი პირდაპირ არ გამოთქვამს თავის გრძნობებს. ერთი პატარა დეტალით იგი ცდილობს შექმნას წარმოდგენა მთელ სურათზე. სულიერი განწყობის შეცნობა ხშირად ძნელი ხდება ძალიან რთული და თავისებური ქვეტექსტების გამო. ისიკავას ტანკა კი განსხვავდება იმით, რომ პოეტმა შემოიტანა ახალი სახეები და დააღრვია კლასიკური ტანკასთვის დამახასიათებელი პირობითობა.

ზუსტად გადმოვიტანე წინასიტყვაობა. რატომღაც არ ჩავერიე იმ ადამიანის გრძნობებში ვინც ეს დაწერა. ბოლოს კი ჩემი საყვარელი ტანკა:

ერთხელ ხუმრობით დედაჩემი
მხარზე შევისვი, 
იგი ისეთი მსუბუქი იყო,
რომ უცბად ცრემლი მომერია
და ვეღარ ვზიდე.