Pages

Apr 14, 2010

ჩემი იასამანი

არის ასეთი საშუალო სტატისტიკური ჰოლივუდური მელოდრამა :სანამ შენ გეძინა" სანდრა ბალოკის მონაწილეობით... ხოდა ამ ფილმის შინაარსი არაფერ შუაშია ჩემთან, უბრალოდ სანამ მე მეძინა ჩემი იასამანი აყვავებულა
ეგოისტური დამოკიდებულება მაქვს მე იასამანთან - მარტო ჩემთვის მინდა. დღეს გული გამინათდა გასაყიდად გამოტანილს რომ მოვკარი თვალი, მაგრამ იმავე წამს ეგოიზმმა დამრია ხელი. ჩემია იასამანი და ეს ყოველ კუთხეში მდგარი გამყიდველები ძალიან მავიწროვებენ.
რომ ვუყურებ და რომ ვსუნთქავ, მე ვარ ხოლმე მაშინ... სრული სიცხადით შევიგრძნობ ხოლმე საკუთარ თავს... ხომ არის ისეთი მომენტები, როცა უმარტივესი საგნები თუ მოვლენები ბედნიერებას განიჭებენ... ხოდა იასამანი ესაა ჩემთვის
ახლა წარმოიდგინეთ რა უბედური ვარ, როცა ყოველ კუთხეში ვხედავ კონებს ლარად... ასე მგონია გააუპატიურეს მეთქი
სამსახურში აპრილი მიყვარდა ყველაზე მეტად. ჩემი თანამშრომლის იასამანი ყვავილობდა და იმიტომ... ბაგებში ვერ ავიდოდი იმათ მოსანახულებლად, სამაგიეროდ თვითონ ჩამოდიოდნენ ხოლმე ჩემს სანახავად ორ დღეში ერთხელ... ჩავეხუტებოდი ხოლმე მსუქნად აფეთქებულ რტოებს, ჩავისუნთქავდი მათ სურნელს და ვგრძნობდი როგორ ნაბიჯ-ნაბიჯ ავსებდა გულს მისი სურნელი... აპრილი ყველაზე მეტად მსუბუქი და ბედნიერი იყო სამსახურში.
შარშან ივნისში სტეფანწმინდა მოვინახულე პირველად... გერგეთის სამებისკენ მიმავალმა პირველად რომ გაყვავებული იასამნები დავინახე ვიფიქრე მომეჩვენათქო... აღარ ველოდი და ამავსო სიხარულით
სანათაც კი წერს იასამანზე, აი სანათაზე არ ვეჭვიანობ :)

ბატონო ჩემო,
აყვავდა თქვენი საყვარელი იასამანი,
გადიშალა მკერდზე ყვავილი...
მე მოვირთვები, გაოცდება მავან-მავანი
და თქვენს ნაცვლად თბილისს დავივლი...
ბატონო ჩემო!
შებინდებისას დაქანცული ქუჩის ხმაურით,
მთვრალი სუნით იასამანის,
მე დავწერ თქვენთვის, არ ექნება ლექსს სათაური
და ეს იქნება ჩემი წამალი...
ბატონო ჩემო!
შუაღამისას ჩუმად გამცნობთ იასამნობას
და რაიმეს უფრო სანატრელს.
როდის ჩამოხვალთ,
მომენატრეთ,
როდის ჩამოხვალთ
და ღამეს კვლავ თეთრად გავათევ...
ბატონო ჩემო...
უთქვენობამ და გაზაფხულმა იძალა ერთობ
ამ ტკივილებსაც კვლავ სათქვენო ლექსად ვინახავ
იასამნობა გამაგიჟებს, დამღუპავს, ღმერთო!
გადამარჩინეთ...
ბატონო ჩემო,
მე თქვენ მიყვარხართ!
აყვავდა თქვენი საყვარელი იასამანი,
ბატონო ჩემო!

ვერ ვეჭვიანობ სანათაზე :)
სამაგიეროდ მკითხავენ ხოლმე ხანდახან, რომელი ყვევილი გიყვარსო... აა იასამანი? - გაკვირვება - ხო, იასამანი მეც მიყვარს - არაფრად ჩაგდება.

ხოდა ნურავინ მეცილება, ჩემია

0 коммент.: