Apr 14, 2010

ჩემი იასამანი

არის ასეთი საშუალო სტატისტიკური ჰოლივუდური მელოდრამა :სანამ შენ გეძინა" სანდრა ბალოკის მონაწილეობით... ხოდა ამ ფილმის შინაარსი არაფერ შუაშია ჩემთან, უბრალოდ სანამ მე მეძინა ჩემი იასამანი აყვავებულა
ეგოისტური დამოკიდებულება მაქვს მე იასამანთან - მარტო ჩემთვის მინდა. დღეს გული გამინათდა გასაყიდად გამოტანილს რომ მოვკარი თვალი, მაგრამ იმავე წამს ეგოიზმმა დამრია ხელი. ჩემია იასამანი და ეს ყოველ კუთხეში მდგარი გამყიდველები ძალიან მავიწროვებენ.
რომ ვუყურებ და რომ ვსუნთქავ, მე ვარ ხოლმე მაშინ... სრული სიცხადით შევიგრძნობ ხოლმე საკუთარ თავს... ხომ არის ისეთი მომენტები, როცა უმარტივესი საგნები თუ მოვლენები ბედნიერებას განიჭებენ... ხოდა იასამანი ესაა ჩემთვის
ახლა წარმოიდგინეთ რა უბედური ვარ, როცა ყოველ კუთხეში ვხედავ კონებს ლარად... ასე მგონია გააუპატიურეს მეთქი
სამსახურში აპრილი მიყვარდა ყველაზე მეტად. ჩემი თანამშრომლის იასამანი ყვავილობდა და იმიტომ... ბაგებში ვერ ავიდოდი იმათ მოსანახულებლად, სამაგიეროდ თვითონ ჩამოდიოდნენ ხოლმე ჩემს სანახავად ორ დღეში ერთხელ... ჩავეხუტებოდი ხოლმე მსუქნად აფეთქებულ რტოებს, ჩავისუნთქავდი მათ სურნელს და ვგრძნობდი როგორ ნაბიჯ-ნაბიჯ ავსებდა გულს მისი სურნელი... აპრილი ყველაზე მეტად მსუბუქი და ბედნიერი იყო სამსახურში.
შარშან ივნისში სტეფანწმინდა მოვინახულე პირველად... გერგეთის სამებისკენ მიმავალმა პირველად რომ გაყვავებული იასამნები დავინახე ვიფიქრე მომეჩვენათქო... აღარ ველოდი და ამავსო სიხარულით
სანათაც კი წერს იასამანზე, აი სანათაზე არ ვეჭვიანობ :)

ბატონო ჩემო,
აყვავდა თქვენი საყვარელი იასამანი,
გადიშალა მკერდზე ყვავილი...
მე მოვირთვები, გაოცდება მავან-მავანი
და თქვენს ნაცვლად თბილისს დავივლი...
ბატონო ჩემო!
შებინდებისას დაქანცული ქუჩის ხმაურით,
მთვრალი სუნით იასამანის,
მე დავწერ თქვენთვის, არ ექნება ლექსს სათაური
და ეს იქნება ჩემი წამალი...
ბატონო ჩემო!
შუაღამისას ჩუმად გამცნობთ იასამნობას
და რაიმეს უფრო სანატრელს.
როდის ჩამოხვალთ,
მომენატრეთ,
როდის ჩამოხვალთ
და ღამეს კვლავ თეთრად გავათევ...
ბატონო ჩემო...
უთქვენობამ და გაზაფხულმა იძალა ერთობ
ამ ტკივილებსაც კვლავ სათქვენო ლექსად ვინახავ
იასამნობა გამაგიჟებს, დამღუპავს, ღმერთო!
გადამარჩინეთ...
ბატონო ჩემო,
მე თქვენ მიყვარხართ!
აყვავდა თქვენი საყვარელი იასამანი,
ბატონო ჩემო!


ვერ ვეჭვიანობ სანათაზე :)
სამაგიეროდ მკითხავენ ხოლმე ხანდახან, რომელი ყვევილი გიყვარსო... აა იასამანი? - გაკვირვება - ხო, იასამანი მეც მიყვარს - არაფრად ჩაგდება.

ხოდა ნურავინ მეცილება, ჩემია

Apr 13, 2010

ნიკო



მაინც წავიდა
ასე მგონია უკანასკნელი რაინდი გარდაიცვალა
ბოჰემური რაინდი
გული მტკივა... რამდენიმე წელი კიდევ მეგონა იცოცხლებდა
ვის არ უყვარდა?
ვინ არ ავარდებოდა ხოლმე მის არა თავმდაბლობაზე?
მაგრამ მაინც წავიდა



მეტკინა ძალიან

Apr 7, 2010

Real

Apr 5, 2010

სასაფლაოები

ახლა მოვედი სასაფლაოდან. პირველი აღდგომაა თენგოს გარეშე... ხოდა ყველანი შევიკრიბეთ... მიუხედავად მუხათგვერდის საშინელი ქარისა, აქედან თუ იქედან საშინელი საცობებისა, მაინც კმაყოფილი მოვედი სახლში - მთელი ოჯახი შევიკრიბეთ.
საერთოდ ძალიან მიყვარს სასაფლაოები. პირველად ვიყავი მუხათგვერდში წელს, მადლობა ღმერთს, რომ აქამდე მაინც არ მიწევდა ისეთი ახლობლის საფლავის მონახულება, როგორიც ძმაა... ზოგადად ვამბობ - სასიამოვნო ადგილია ჩემთვის.
უფრო მეტად სოფლის სასაფლაოები მიყვარს. რაღაცნაირად იდუმალი და თბილია თითქოს იქაურობა, თითქოს შენი ახლობლების თბილი თვალები შემოგყურებენ და გეფერებიან მალულად... მისაქციელში აღდგომა მიყვარს, როცა ყველანი ერთად გავდივართ სასაფლაოზე, ყველას ვნახულობ, ყველა ახლობელია და თბილად გეგებება... მიდიხარ ახლობლების საფლავებთან და ტკივილიანი გულით ულოცავ აღდგომის მობრძანებას... მისაქციელის სასაფლაოზე ხალხმრავლობაა, ბავშვების ჟივილ-ხივილია, დიდი სუფრებია გაშლილი და ძირითადად სააღდგომო მხიარულებაა... მიყვარს მე აღდგომა მისაქციელში.
ნატანების სასაფლაო საერთოდ განსხვავებულია. ნატანებში მე აღდგომას არც ვყოფილვარ. ის სასაფლაო ჩემთვის იდუმალი და ჩუმია. როვა მე იქ ვარ, არასდროს არაა ხალხმრავლობა და ხმაური, პირიქით - სრული სიჩუმე და იდუმალებაა, მაგრამ ცხადად ვგრძნობ ჩუმ და უტკბილეს ნათქვამს - მოხვედი ბებია? რისი უნდა შემეშინდეს იქ... ჩემი ბებია ხო იქაა და მომეფერება, კალთაში ჩამისვამს და ყველაფერს გამომკითხავს... ბაბუაც იქაა, რომელიც წლინახევრის ვიყავი რომ გარდაიცვალა, მაგრამ ბებო... ჩემი კატუშა ბებო...
როცა ნატანებში ჩავდივარ სულ სასაფლაოსკენ მიწევს გული, სულ შეგრძნება მაქვს რომ მელოდებიან როდის მივალ და მათ კუთვნილ მიწას მოვეფერები, ქვას გადავწმენდ და სარეველებს მოვაცლი იქაურობას.
რაც თავი მახსოვს, სასაფლაოზე მისულს  სულ მაინტერესებდა უცხო საფლავები, წარწერები და ფოტოები, დაბადების და გარდაცვალების თარიღები... ბოლოს გავიფართოვე თვალსაწიერი და ზოგი საფლავი დავათვალიერე :) თუმცა მთლიანი სასაფლაო არ მომივლია არც ნატანებში და არც მისაქციელში
მოკლედ მე მიყვარს სასაფლაოები, მაგრამ ალბათ მხოლოდ ისინი, სადაც ახლობლები
მეგულება, სადაც მელოდებიან

Apr 3, 2010

ჰომოსექსუალიზმი VS საზოგადოება

ახლა წავიკითხე ბათუმელი ჟურნალისტის ბლოგზე ეს პოსტი , მერე  "შოკოლადში" გამოქვეყნებული "წერილი ჩემს შეფს" წავიკითხე... ისეთ ცუდ ხასიათზე დავდექი. საზოგადოებრივი აზრი ყოველთვის ვიცოდი და არ იყო უცხო, მაგრამ მაინც შემძრა
რაც უფრო მემატება ასაკი, მით უფრო მნიშვნელოვანი ხდება ჩემთვის ადამიანური გრძნობები.. ყველანაირი ადამიანური გრძნობა.
ყველა ადამიანს აქვს უფლება იცხოვროს ისე, როგორც მას სურს! - ესაა ჩემი კრედო. ძალიან  განვიცდი როცა აშკარა ძალადობას ვხედავ იმ ადამიანის მიმათ, ვისი საქციელიც საზოგადოებას არ მოწონს.
"შოკოლადში" გამოქვეყნებული წერილი ჰომოსექსუალისტ გიორგიზეა. ის თავის განცდებს წერს. თავის სასიყვარულო ისტორიებს და უფრო მეტად კი საზოგადოების დამოკიდებულებაზე მის მიმართ. ერთი რამ მიკვირს - რატომ არ ვფიქრობთ ჩვენ, ადამიანები, რომ ჩვენ თავებს უნდა მივხედოთ მხოლოდ და სხვებს თავი დავანებოთ? რატომ ვაფათურებთ ხელებს სხვის ცხოვრებაში? ადამიანი ხომ თავისუფალია და როგორც უნდა ისე იცხოვრებს...მაგრამ ჩვენ ხომ ამის გაგება არ შეგვიძლია, ჩვენ ხომ "ზე-ერი" ვართ და მანკიერი მხარეები არ გაგვაჩნია... ჩვენ ხომ ერთნაირები უნდა ვიყოთ ყველანი - ღიპიანი, ხუთლიტრაღვინისმსმელი ბიძიებით და ჩასუქებული წინსაფარაკრული სამზარეულოსგარეთცხვირისარგამყოფი დეიდებით? მათი შვილებიც ხომ მათ უნდა დაემსგავსონ? ეს ხომ დოგმაა?
წერილში ეწერა როგორ დაინახა ადამიანმა როგორ აუპატიურებდა რამდენიმე "მამაკაცი" ერთს... რამდენჯერ გამიგია "ჭკუაზე მოყვანის მიზნით" როგორ იხმარეს "პიდარასტი"  და რამდენია ასეთი მაგალითი.
ერთ კითხვაზე მიპასუხეთ,  ბატონებო.
თუკი ჰომოსექსუალისტი არის ადამიანი, რომელსაც სექსუალური ურთიერთობა აქვს მამაკაცთან, მაშინ ადამიანი, რომელიც "ჭკუაზე მოყვანის" თუ "დამცირების" მიზნით სექსუალურ აქტს ახორციელებს ჰომოსექსუალისტზე, ის აღარაა გეი? გამაგებინეთ თუ შეგიძლიათ...თუმცა ალბათ არა... ასეთი "ნამდვილი ქართველები" ხომ ისტორიის, რელიგიის დამცველებად გვევლინებიან...
არასდროს მქონია ზიზღი განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის ადამიანების მიმართ. თანდათან უფრო ლოიალური გავხდი და ვცდილობდი გამეგო, რამდენად შესაძლებელი იყო სიყვარული ორ კაცს ან ორ ქალს შორის. რამდენიმე კარგი ფილმი ვნახე - "brokenback Mountain",  "Milk", "Little Ashes", "Dream Boy". პირველად ორი მამაკაცის კოცნის სცენა ძალიან არაბუნებრივი იყო ჩემთვის, არაესთეტიური :) თუმცა ამ ფილმებში სიყვარულის ისტორიები იყო გადმოცემული, ჩემთვის კი სიყვარული ყველაფერზე მაღლა დგას ყოველთვის.
ყველას აქვს თავისი კარგად შენიღბული და დაფარული საიდუმლო... ხოდა მივხედოთ რა საკუთარ თავებს