May 11, 2010

ჩემი სანათა

წეღან დავჯექი და ინტერნეტში ვიქექებოდი, ბიოგრაფიულ ცნობებს ვეძენდი სანათაზე... როდის დაიბადა, სადაა ახლა, რამდენი წლისაა... მერე დავანებე თავი, რა მნიშვნელობა აქვს ამ ყველაფერს, მე ხომ მისი ბიოგრაფიის დაწერას არ ვაპირებ, მე ჩემი სანათას შესახებ უნდა მოვყვე :) დიახ, ჩემი... არა იმიტომ რომ ჩემია მხოლოდ, უბრალოდ ჩემთვის ვინაა, რაა, როდიდანაა ამაზე გიამბობთ :)
შარშან "ლიტერატურული პალიტრის" ერთ-ერთ ნომერში მარიამ ხუცურაულის, იგივე სანათას ლექსები დაიბეჭდა. სიმართლე რომ ვთქვა არ წამიკითხავს... საერთოდ პროზას უფრო ვეტანები ხოლმე, პოეზია ჩემებურად მიყვარს - ბევრჯერ წაკითხული ლექსები მიყვარდება, ამოვიჩემებ და მერე ხელიდან ვერ მაგდებინებენ... ახალ ლექსებს ვერ ვკითხულობ
ხატია მიმყოფის ღმერთმა კარგად და "ლიტერატურული პალიტრა" ყოველ თვე მსტუმრობს. მაშინაც მე პროზას მივუჯექი, დედაჩემი - პოეზიას და დაიწყო:
   - ეკა, ნახე რა მაგარი ლექსებია- მოდის ერთხელ დედა
მე არ მიყვარს ლექსებს რომ მიკითხავენ, ძალდატანებით :)
  - დედა, დამანებე თავი, მერე წავიკითხავ - ვპასუხობ.
დედაჩემს არ აინტერესებს და იოწყებს კითხვას :) მე რათქმაუნდა არ ვუსმენ :)
გადის რამდენიმე დღე, ჩემთან მოდიან მეგობრები. შემოდის დედაჩემი, რომელიც ასევე მეგობარია მათი :)
  - გოგოებო, ნახეთ რა უსაყვარლესი ლექსები აღმოვაჩინე - ამბობს დედა და უცერემონიოდ იწყებს კითხვას :)
გოგოები არაფერს ამბობენ, ღიმილით უისმენენ, ოღონდ მხოლოდ ზრდილობისთვის, მე გული მიწუხს :)))))) ასე გაგრძელდა ერთი თვე... დედაჩემს ლიტერატურულ ტერორში ვყავდი :)
ასე გავიდა "ტერორისტული" თვე... მერე ბრაზმა გამიარა :) და ჟურნალი ავიღე, ერთი ლექსი თავისით შემომეკითხა, მერე მეორე, მესამე, მეოთხე...ვაიმეეეეეე...
ახლიდან ვკითხულობდი, იგივეს...
ეს მომწონს...
არა, აი ესეც რა საშინლად მომწონს... ეს რა ცუდია?... შემიყვარდა...საშინლად


ვინაა სანათა? რად მინდა ბიგრაფია, რად მინდა დაბადების თარიღი, აი ვინაა

ფშავლის ქალებში სანათა
ანთია ასკილივითა,
ნაზია მთებზე ნისლებად
გაკრული მანდილივითა...
სოფლის ქალ-რძალში ამაყად
მიმოდის ქურციკივითა,
წრფელია - ფშანზე ჩამოსულ        
ხარჯიხვთა წყურვილივითა,
ძნელია - დილაბნელაზე
არაგვის დუმილივითა,
მწველია - ფშაველ წაწალთა
მოუკლავ სურვილივითა...
მწარეა, როგორც ტკივილი
ცხრა ტყვიით დაჭრილივითა,
ცხარეა - მონადირეთა
ასახდენ ქადილივითა,
მიმოდის გზაწვრილაებზე
  
იცი როგორი ლექსები აქვს? იცი რატომ მიყვარს? მთის ქალაა და ნაზია, თანაც ცოტა ველური, ვნებიანია და თან ცოტა მორცხვი - აი ლექსებიც ასეთი აქვს :) უყვარს და ლექსებიც ასეთი აქვს - მთლიანად გაჯერებული სიყვარულით


მეფერებიან ულეწელები,
ჟრჟოლის და ცეცხლის მგვრელი,
სულში ხელები, მხრებზე ხელები,
თმებში ხელები შენი...
გათანგული ვარ ნათიბის სუნით,
წყენა არ მახსოვს ერთიც,
თიბათვის წვიმას მივეშვირე და
ლექსით ვივსები შენთვის...
ასე წვიმით და ლექსებით სველი,
საყურ-ბეჭედზე მწყრალი,
სათიბში გელი შენდ მზის წაწალი
ქალთარაფერა ქალი...

 ისე ცხადად შევიგრძნობ ხოლმე ამ ყველაფერს, მგონია ჩემს  თავს ხდება... ჩემს თავსაა მარწყვის სუნით დაბნეულის ბედნიერება, ისე როგორც ეჭვებშერეული სანათას წუხილი... 
არა! ჩემზე კარგად თვითონ ამბობს თავის ლექსებში როგორ შეუყვარდა, როგორ ელოდა, როგორ ეშინოდა, როგორ ფიქრობდა - 
 
“მიყვარს.... არ მიყვარს...” - ფოთლებზე ვითვლი
და ბოლოს კენტად მრჩება - “არ მიყვარს”,

  როგორ ხვდება ბოლოს-

შენსკენ მოვდივარ, მალე ნახვამდე
ლოდინისფერი მაცვია კაბაც,
მე შენ მიყვარხარ (როგორც აქამდე),
ეს შეეშალათ გვირილებს რაღაც...

მერე ლოდინი, დიდი და მტანჯველი... ლოდინი  მთაში

სანამდე ვიარო უშენოდ შარახევს,
ერთურთი შორიდან სანამდე ვახელოთ,
შენს სურნელს ინახავს თმები და თითები
შენ ხელშენავლები პერანგის საყელო...

ან ეს

წუხელის სიზმარში მომელანდე,
თვალებნათელო და სულმზიანო,
ვაი, რა უღმერთოდ მოენატრე,
ბეჩავ გულს, ხოხბების საფრთხიალოს...

შენ იქნებ აღარც გახსენდები,
შავქალა ღრუბლებთან დარჩენილი,
დარდებმა დამიჭკნეს ბილილები,
სათელად მიგიან ნაბდებივით...

ვეღარ აიცილა გულის ფარმა,
ეჭვები ისრებად დაწევნილი -
ეგებ მოხიბლაო ქისტის ქალმა,
ლამაზი არიო, დაწყევლილი...

ლამაზიც არი და თამამიცა, -
ჩაიქირქილებენ ტოლ-სწორები,
მე რაღა დაგწამო დასაფიცარს,
ისევ სევდა შემრჩა მოგონების...

თითისტარს ეხვევა ზამთრის ღამე,
სარკმელში ცა მოჩანს ავდრიანი,
აბა, შენ მე როგორ მიღალატებ,
ეს ეჭვი სულ ზამთრის ბრალი არის...

თითისტარს ეხვევა ზამთრის ღამე,
სარკმელში ცა მოჩანს დარდიანი,
ეგებ მზემ გააქროს დილით ნისლი,
ჩვენ შორ-შორ ყოფნაში ბრალიანი...

ვიცოდი :) ვიცოდი თვითონ მოყვებოდა თავის ამბავს თავისი ლექსებით... მე რაღა საჭირო ვარ...  მიყვრას როცა ამდენი ლოდინის მერე წერს

მოწმენდილ ცაზე მეხად გასკდა,
ცოლად გინდივარ,
შეგიყვარდი და
ფეხქვეშ მიგებ დიბა-ატლასებს...
მე რა შეგკადრო
მდიდარს, ზვიადს, დიდს და ხვავრიელს?..
აგვისტოს ხვატში
ბუერის ყუნწს წვეთად ვკიდივარ,
ამ ხნის მწყურვალო,
დამაშვრალო,
მოდი, დამლიე...

ხომ ლამაზია :)  გადის წლები და ასაკი გვემატება... ნამდვილი სიყვარული არსებობს და იარსებებს მუდამ, თავისი ტკივიკითა და ბედნიერებით

ოცდახუთი წელია,
მზე-რგოლს ხუნდად ვატარებ.
ოცდახუთი წელია,
მაქალებ და მახარებ...
ოცდახუთი წლის წინათ
დაგაბედა განგებამ,
მოპოეტო, მარტივით
შლეგი გოგოს გაძლება...
არც ვყოფილვართ მას მერე
კენტად, იო-წიოდა,
ბევრჯერ კიდეც გვტკიოდა,
გვციოდა და გვშიოდა...
ოცდახუთი წელია,
სარეცელს მიზიარებ,
მძიმე ყმაწვილკაცობის
ლექსით გიფევ იარებს...
შენს ჩრდილს შემოფარებულს,
სევდა ვერ მინაპირებს,
ოცდახუთი წელია,
იანვრებს მიაპრილებ...
მერე რა, თუ დღეს და ხვალ
შვილიშვილებს ვნატრულობთ,
ჩემო თეთრცხენიანო
უფლისწულო ზღაპრულო!
ოცდახუთი წელია,
კერიის ცეცხლს გინახავ.
ეჭვიც არ გამჩენია,
ნეტავ, თუღა მიყვარხარ...
ისევ ვხიბლავთ ერთურთს და
ისევ გვეტრფიალება,
რა დროს შემოდგომაა,
ჩემო ივრისთვალებავ?!
ოცდახუთი წლის მერეც,
თავბრუს გახვევ წინანდელს,
მთელი მაშრიყ-მაღრიბის
ლამაზმანთა ჯინაზე...
ოცდახუთი წელია,
შენს ეზო-კარს ვალაგებ.
ოცდახუთი წელია,
მამღერებ და მალაღებ...
ოცდახუთი წელია,
გვადევს ოქროს ბორკილი,
ღვინობისთვის მიწურულს
დავთქვით ვერცხლის ქორწილი...
იმ, სხვა ქორწილებამდე
ფერი ბევრჯერ ვიცვალოთ
შენი მკერდი სასთუმლად
ღმერთმა ნუ მომიშალოს...

ეს პატარა, ძალიან პატარა ექსკურსია -  სანათას ცხოვრების ჩემეული ვერსია  :) იქნებ არასწორად დავალაგე, იქნებ  არც მოეწონოს თვითონ რომ ნახოს... არა, როგორ მოეწონება, სიტყვის თქმა მინდოდა და მას ყველაფერი ქონდა ნათქვამი უკვე :) ერთი კია, ძალიან ცოტა დაიტია პოსტმა, იმდენის კიდევ ... იმდენი ისტორია
ჩემ წაწლის გაკეტებულ დეკის ჩაი მამინდაო :) სანათას ლექსებში დეკა ისეთი ლამაზად ჩანს... მერე ვნახე რა ლამაზი ყოფილა... სანათას და დეკის დამსახურებით ყველაზე ძვირფასი საჩუქარი მივიღე მე  - ლექსი ერთი ადამიანისა :)
არ აქვს მნიშვნელობა რამდენად დაიმკვიდრებს პოეტი მსოფლიო ლიტერატურაში თავის ადგილს. ადამიანების გულებში დამკვიდრებული ადგილი ყველაზე ძვირფასია. 
ხოდა სანათა ჩემს გულშია.

მაპატიოს სანატამ ასეთი უგერგილო პოსტი :) 




blog comments powered by Disqus