Pages

Apr 28, 2010

დვნობა 2010

24-ში დვანში წავედით მე, გვანცა და მარო. როცა მარომ მითხრა შაბათს დვანში მოდიხარო, არც კი დავფიქრებულვარ ისე მივეცი თანხმობა. საშინლად მჭირდებოდა გარემოს შეცვლა და ეს ერთერთი მშვენიერი ადგილი იყო სადაც სიამოვნებით წავიდოდი
დვანში კოხიჯვრობა იყო, კოხიჯვრის წმინდა გიორგის დღესასწაული, იგივე კვართობა. სოფელში სტუმრიანობა და შესაბამისად უამრავი მთვრალი ადამიანი იყო :)
შაბათს წვიმდა საშინლად, ციოდა. ეკლესიის მონახულება არც გვიფიქრია, არც გაგვიშვებდა არავინ. ეკლესია სადღაც შუაშია მოქცეული - ოკუპირებულ და კონტროლირებად ტერიტორიებს შორის...
საერთოდ არ მიყვარს უცხო გარემოში მოხვედრა, უხერხულად ვგრძნობ თავს და სიამოვნებას ვერასდროს ვიღებ. ამ ბოლო ხანებში ჩემმა უღიმღამო (უზუსტესი შეფასებაა) მდგომარეობამ უფრო მკვეთრად გამოხატა უცხო გარემოში მოხვედრის სურვილის არარსებობა. დვანში თავს ვგრძნობ როგორც საკუთარ სოფელში, როგორც სახლში. სხვა შემთხვევაში ვერანაირი ძალა ვერ მაიძულებდა სახლიდან ფეხის გადგმას :)
კვირას მზის სითბომ გვისალბუნა. შეგვავსო საოცრად და იარებიც მოგვიშუშა. ეკლესიისკენ დავადექით გზას... არა, ექსტრიმი არ იყო ჩვენი თანამდევი, უბრალოდ მწყემსად წასული სკოლის დირექტორისათვის საგზალი უნდა აგვეტანა :)

ქვემოთ, სახლთან ბლოკპოსტია. იქ მთავრდება ჩვენს მიერ კონტროლირებადი ტერიტორია. მზემ სიცოცხლე მოგვანიჭა, საზღვრების შეგრძნება წაშალა...
ვერ ვგრძნობდი სად იყო საზღვარი. არა იმიტომ რომ ეს მიწა საქართველოსია და უკანონოდაა მითვისებული, უბრალოდ არ მქონდა საღზვრის შეგრძნება არანაირი და მშვენიერი იყო ეს, საოცარი შეგრძნება. მიუხედავად ყველაფრისა საოცარ სილაღეს და თავისუფლებას ვგრძნობდი, მიახაროდა ცოცხალი რომ ვიყავი, მიხაროდა მზე, მიხაროდა სიმწვანე და სველი მიწა
ამ გორის უკან სულ ოსური სოფლებია, ამ გორის უკან უზარმაზარი სამხედრო ბაზა შენდება... მე არ ვიცი რა იქნება ხვალ, ზეგ, ეს არც ერთმა დვანელმა არ იცის და  ყველას ჩუმი შიში აქვს მომავლისა, რომელიც არ ვიცით რას გვიმზადებს. მე უბრალოდ ერთი რამ ვიცი, რამე რომ მოხდეს მეც ისევე მეტკინება სული და ხორცი, როგორც თითოეულ მკვიდრს. მესამედ ვიყავი ამ სოფელში და მეგონა სახლში დავბრუნდი. რამე რომ მოხდეს მე მატერიალურს არ დავკარგადვ არაფერს, მაგრამ ჩემი სიხარულისა და გულის ნაწილი აუცილებლად მიკვდება... თუმცა მხოლოდ კარგის იმედი მაქვს. ორი წლის წინ დვანიდან გამოქცეულებს სრულიად დარწმუნებულმა ვუთხარი - თქვენ დაბრუნდებით! და ისინი დაბრუნდნენ. ხოდა ახლა ვამბობ რომისინი მშვიდობიანად იცხოვრებენ დვანში! და იცხოვრებენ!!!
როგორ შემიძლია  გვერდი ავუარო მასპინძლებს, საოცარ ხალხს, მაროსა გვანცას დედულეთს... როგორ არ ავნიშნო თამარა ბაბო, უსაყვარლესი და უტკბილესი მოხუცი, საოცრად პროგრესულად მოაზროვნე, რომელიც თვლის რომ არაა საჭირო განვლილ საუკუნეში მიღებული ნორმები ოცდამეერთე საუკუნეშიც უნდა დაიცვან მისმა შვილიშვილებმა. მიყვარს ასეთი მოხუცები, გონების სიჯანსაღეს რომ არ კარგავენ ასაკის მატებასთან ერთად. ისე მიხაროდა რომ ვუყურებდი, მივხვდი როგორ მაკლია ბებიის სითბო. თითქოს არ გახსენდება, წასულია უკვე, მაგრამ გახსენება სითბოსა და ტკივილს გიღვრის გულში.
როგორ არ ავღნიშნო პოეტური სულის მქონე მათემატიკოსი სკოლის დირექტორი :) ჩემი მეგობარი, რომელიც დიდი ძალაა სოფლისთვის. როგორ აქვს საკუთარ კაბინეტში ჩაკეტილი საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დარიგებული სარეცხის ფხვნილის მთელი არმია და სხვა საშუალებები და არავის აძლევს უფლებას ერთი ცალიც კი აიღოს, მის მეუღლესაც კი :) როცა ვკითხე სარეცხი ფხვნილი რაში უნდა გამოიყენოთ სკოლაში-თქო ჯერ არ  ვიციო, მიპასუხა :))))))))))
როგორ არ ავღნიშნო მისი მეუღლე, ძალიან სიმპატიური ქალბატონი, რომელიც იგივე სკოლაში მშობლიური ენისა და ლიტერატურის მასწავლებელია. სახლში კი საოცრად თბილ სიტუაციას ქმნის მისი დიასახლისობა.
როგორ არ ავღნიშნო ტარიელი და თამარი :) ქალბატონი ტამო ერთი კუდრაჭა ჭინკაა, თვალებში ჭინკები დაუხტის და სულ რაღაც აინტერესებს, მამიდაშვილების მესაიდუმლეა და საერთოდ უკუდრაჭესი რამეა. ტარიელი კი დღითიდღე იზრდება და სულ იცვლება. პაწაწუნა ბიჭი იყო პირველად რომ ვნახე, ახლა კი თანდათან საინტერესო პიროვნებად ყალიბდება. მამის მეგობრებს უხარიათ, მოგვესწროო. მე კი ვფიქრობ სტუდენტობა მის დიდ პოტენციალს სულ სხვა მხარეს წარმართავს. დარწმუნებული ვარ ერთ ხუთ წელში იამაყებენ არა იმით, სუფრაზე გვერდი დაგვიმშვენაო, არამედ იმით, რომ საინტერესო, განათლებული და პროგრესული ახალგაზრდა იქნება.
ჰოდა მე  მიყვარს მდინარე ფრონეს ხეობა, ვაშლის ბაღები, შიოს ბიჭის სახლი მიყვარს, თენგოს ღვინო :)))))))))), მაროს ეზოს გაუყვავებელი იასამნები მიყვარს... დვანი მიყვარს და მინდა მუდამ მეგულებოდეს თუნდაც ასეთ მდგომარეობაში, თუნდაც ჯარისკაცებით ბლოგპოსტებზე, მაგრამ მეგულებოდეს და ვიცოდე, რომ მე ჩავალ დვანში

5 comments:

  1. კომენტარის საშუალება, რომ მომეცა მიხარია:)
    არადა ვერ ვწერ კომენტს, უბრალოდ თბილია, სიყვარულით თბილი:)

    ReplyDelete
  2. თბილია, იქ ვიყავი მეგონა:)

    ReplyDelete
  3. კარგი ხარ! კიდევ კარგს ჩვენი მეგობრობა გხდის! :))
    დვანი ჩვენი სახლია!
    ხელწერას იცნობ ;-)

    ReplyDelete
  4. დავიღალე ამ დვანით:) ახალი რამე:)

    ReplyDelete
  5. შენც რას კითხულობ ყოველ დღე :)
    მომეცი სტიმული ზურა და დავწერ :)
    ჯერ შენ გელოდები

    ReplyDelete

თქვენი კომენტარი